ჭარნალში მცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭარნალში მცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. ამბობენ, რომ ავტობუსების არარსებობის გამო მათი ყოველდღიურობა მძიმდება. მოქალაქეები მერიას მიმართავენ. განაცხადს ხელს 200-ზე მეტი ადამიანი აწერს. გაითვალისწინებს თუ არა ზაზა დიასამიძის უწყება მოსახლეობის მოთხოვნებს მომდევნო წლის ბიუჯეტში?

სოფელ ჭარნალში, მურმანეთის დასახლებაში მცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე თითქმის რვა წელია არიან.  ამის გამო მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ. გვიყვებიან, რომ თავს სოფლის ნობათის რეალიზაციით ირჩენენ, თუმცა პროდუქციის ქალაქამდე ტრანსპორტირებას სწორედ ავტობუსების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ. ტაქსის დაქირავება ძვირი უჯდებათ, საკუთარი ავტომობილები კი არ ჰყავთ. გარდა ამისა, სოფელში ბევრი სტუდენტი ცხოვრობს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იძულებული არიან, ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით გადაადგილდნენ.

მურმანეთის დასახლებაში მცხოვრებლები ამ პრობლემის წინაშე მას შემდეგ დადგნენ, რაც წლების წინ, სოფელში მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი მწყობრიდან გამოვიდა. ამბობენ, რომ საკითხის მოგვარებაზე ადგილობრივ ხელისუფლებას არ უფიქრია. პროტესტი არაერთხელ გამოხატეს, თუმცა უშედეგოდ.

სოფელ ჭარნალში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს დახმარების თხოვნით, როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად, რამდენჯერმე მიმართეს. თხოვნამ და მოთხოვნამ, რომ შედეგი არ გამოიღო, გადაწყვიტეს ხელწერილები შეეგროვებინათ. ახლა ზაზა დიასამიძეს მათი პრობლემის  მოსაგვარებლად მომდევნო წლის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებისკენ, ამ ფორმით მოუწოდებენ.

მოქალაქეებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მივიდნენ. მიშა ბოლქვაძის თქმით, ბიუჯეტი არა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ ხალხზე უნდა იყოს მორგებული.

როდის ან დაინიშნება თუ არა ჭარნალში, მურმანეთის დასახლებაში  მუნიციპალური ტრანსპორტი? ჩვენთვის უცნობი დარჩა. ტრადიციულად, ხელვაჩაურის მერიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

მეტის ნახვა