ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონს"

ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს „ომიკრონს“ იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი გააჩნია.

როგორც ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, „ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება.

პროფესორის თქმით, უცნობია, როდის შემოვა საქართველოში „ომიკრონის“ შტამი, მაგრამ იგი ძალიან მალე გახდება დომინანტური.

„ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია. ასე, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა. რაც შეეხება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს და ესეც საფრთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2 წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა“,- განაცხადა ჩხაიძემ.

სამედიცინო დირექტორმა ის სიმპტომები დაასახელა, რაც „ომიკრონს“ ახასიათებს.

„ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმპტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“,- თქვა ჩხაიძემ.

მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ორი რეკომენდაცია აქვს - ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება.

„ე.წ.ბუსტერ დოზის გაკეთება არის ერთ-ერთი გზა, ვინაიდან „ბუსტერის“ მიერ მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ვაქცინის პირველი ორი დოზის გაკეთების შემდგომ“,- განმარტა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, ნიღბის ტარების წესი საქართველოში სრულიად არის უგულებელყოფილი და ეს ეპიდვითარებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ნიღბის ტარების მაჩვენებელი 22%-ზეა ჩამოსული მაშინ, როცა 70-80%-ია საჭირო.

ამასთან, მისი განმარტებით, უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ დეკემბრის ბოლომდე ეროვნული გეგმის შესაბამისად, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება.

მეტის ნახვა