ოთხშაბათი 21, ოქტომბერი 2020

რეზო ხარაზი ფიჭვნარის სპორტული მოედნის წუნზე საუბრობს

04, ოქტომბერი 2016

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქობულეთის გამგეობას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარების გამო აკრიტიკებს. რეზო ხარაზმა დღეს ფიჭვნარში სპორტული მოედნები მოინახულა, რომლის მშენებლობა გამგეობამ გასულ წელს დაიწყო და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ხარაზი აცხადებს, რომ მოედნების საფარი უხარისხოდაა დაგებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირწმუნება, რომ ხელოვნური საფარი მეორადია და ხალიჩა შეკოწიწებულია, ბუნებრივ საფარიან მოედანს კი გარეგანათება არ აქვს, უკვე დაზიანებულია სველი წერტილებიც და სხვა. რეზო ხარაზმა ქობულეთში, თავისუფალ ტურისტულ ზონაში ახალმოწყობილი სპორტული მოედნების მონახულება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გამგეობისგან მიიღო ეს-ემ-ეს შეტყობინება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. ხარაზი შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს დაინტერესდნენ, სად წავიდა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, როცა შესასრულებული სამუშაოს ხარისხი და დახარჯული თანხა ერთმანეთის ადეკვატური არ არის. ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ ობიექტი ჯერ ჩაბარებული არ აქვთ.