მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობა გრძელდება - დეპარტამენტი

ტურიზმი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობა გრძელდება. ამჯერად, სააგენტომ ქედაში დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი 400 მეტრ სიგრძის ბილიკი გაჭრა, გარემოსთან ადაპტირებული ხის კიბეებითა და მოაჯირებით მოაწყო.

მიუხედავად იმისა, რომ დანდალოს ჩანჩქერი სილამაზითა და წყლის კარგი ვარდნით გამორჩეული ჩანჩქერია მასთან მისვლა ტურისტების საკმაოდ რთული და საფრთხის შემცველი იყო. მოწესრიგებული ბილიკი კი მოგზაურებს ჩანჩქერთან გადაადგილებას გაუმარტივებთ.

დეპარტამენტის ცნობით, წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებთან 100-მდე ნიშნული დაამონატაჟა. მათ შორისაა ღორჯომის საფეხმავლო ბილიკი, კვარიათის ველობილიკი, ქედა-შუახევის დამაკავშირებელი ველობილიკი და 20-ზე მეტი საოჯახო-სასტუმრო სახლი აჭარის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელ ტურისტულ ბილიკსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას აშენებს.

მეტის ნახვა