როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ კოსმეტიკა? - რამდენიმე მარტივი რჩევა

კოსმეტიკა

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც მრეწველობაში უამრავი მავნე ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, მომხმარებლები მუდმივად ვართ ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების რისკის  წინაშე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სისტემატურად ავლენენ კოსმეტიკის ისეთ ნიმუშებს, რომლებიც სხვადასხვა მძიმე დაავადების განვითარებას, ან უკეთეს შემთხვევაში, ალერგიას იწვევს.

ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში, ვინაიდან აქ სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობაზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი არ არის დაწესებული. კოსმეტიკა, პირადი ჰიგიენის საშუალებები სწორედ ასეთი პროდუქციის რიცხვს განეკუთვნება. momxmarebeli.ge-ის ინიციატივით ჩატარებული კვლევების (2021 წელი) შედეგად, საქართველოს მაღაზიებში ნაყიდ პარფიუმერია-კოსმეტიკის ნიმუშებში ევროკავშირში აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა, რომლებიც ადამიანის ენდოკრინული სისტემის დაზიანებას უწყობს ხელს.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია მოქალაქეებმა შეძლებისდაგვარად თავად გამოვიჩინოთ სიფრთხილე კოსმეტიკური პროდუქციის მოხმარებისას.

პარფიუმერია-კოსმეტიკისგან მომდინარე საფრთხეების ნაწილობრივ შესამცირებლად, გთავაზობთ დანიის მომხმარებელთა საბჭოს მიერ შემუშავებულ რამდენიმე მარტივ რჩევას:

1. კოსმეტიკურ პროდუქტებს შორის განსაკუთრებული სიფრთხილე ტუჩის საცხის მოხმარებისას გვმართებს. თუკი სხვა კოსმეტიკური პროდუქცია მხოლოდ კანთან მოდის შეხებაში, ტუჩის საცხს ადამიანი „ჭამს“ და, მასთან ერთად, სხვადასხვა მავნე ნივთიერებას, რომელსაც ტუჩის საცხი შეიძლება შეიცავდეს. ეს პროდუქტი, როგორც წესი, მინერალური ცხიმების გამოყენებით მზადდება, რომელთა ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

გერმანიის რისკის შეფასების ინსტიტუტი რეკომენდაციას იძლევა, რომ ტუჩის საცხებში მინერალური ცხიმების ოდენობა შეიზღუდოს. შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებები კოსმეტიკის მწარმოებლებმაც შეიმუშავეს. თუმცა, ისინი ყოველთვის არ სრულდება. ეს დადასტურდა გერმანიაში, შვეიცარიაში, დანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებით. 

ასე რომ, გირჩევთ მაქსიმალურად შეზღუდოთ ტუჩის საცხების მოხმარება.

2. მისასხურებელი დეზოდორების გამოყენებისას, პაწაწინა წვეთები ჰაერში იფანტება და ჩვენ მათ ყოველ ჯერზე ჩავისუნთქავთ ხოლმე, ყველა იმ მავნე ნაწილაკებთან ერთად, რომლებსაც ისინი შეიძლება შეიცავდეს. ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია წასასმელი დეზოდორები, ან ლოსიონები მოვიხმაროთ.

3. სახის საცხების ნაწილი მზის სხივებისგან დამცავ ნივთიერებებსაც შეიცავს, რომლებიც შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე. მაშინ როდესაც მზეზე ყოფნა არ გიწევთ, ასეთი საცხების გამოყენება საჭირო არ არის. ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი, აღწერილობა და თუ საცხს მზისგან დამცავი ფუნქციაც გააჩნია, ნუ გამოიყენებთ მას, როცა ეს არ გჭირდებათ.

4. კოსმეტიკა ალერგიის ხშირი გამომწვევიცაა. ეს განსაკუთრებით ეხება არომატულ ნივთიერებებს. ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს, თუ მასზე ნახავთ წარწერას „without perfume“, „perfume free“, „free of perfume“, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არ შეიცავს არომატულ ნივთიერებებს.

რაც შეეხება წარწერებს: „მგრძნობიარე“ („sensitive“) კანისთვის ან „ჰიპოალერგიული“ („hypoallergenic“) პირებისთვის, როგორც ევროპის ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ეს წარწერები არ არის იმის გარანტია, რომ პროდუქტში არომატული ნივთიერებები არ შედის და ის ალერგიის გამომწვევი არ არის.

წარწერა „არ შეიცავს სინთეტიკურ არომატულ ნივთიერებებს“ („Free of synthetic perfume“) ასევე არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ალერგიული არ არის. თუკი მასში ბუნებრივი არომატიზატორები შედის, ისინი ისევე შეიძლება იწვევდეს ალერგიას, როგორც ხელოვნური.

მეტის ნახვა