როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს, რომ სკოლა და მეცადინეობა თავიდანვე შეუყვარდეს

სკოლა

სკოლასთან შეგუება ყველაზე მომზადებული პირველკლასელებისთვისაც კი სტრესულია. ამიტომ, უფროსების ამოცანაა დაეხმარონ ბავშვებს ადაპტაციაში.

სასკოლო ცხოვრების პირველი წელი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლებისთვის. მშობლის ცხოვრებაშიც ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ისწავლის ბავშვი მომავალში.

ისაუბრეთ ქცევებზე 

სასკოლო ბავშვებს უნდა შეეძლოთ ასაკის შესაბამისი ინფორმაცია განაზოგადონ და გამოიტანონ დასკვნები. ჰკითხეთ თქვენს შვილს, როგორი შეიძლება იყოს სკოლის წესები? როგორ უნდა მოიქცეს ისე, რომ არ დაარღვიოს ისინი? და თუ მან დაარღვია, რა უნდა გააკეთოს? მსჯელობის მოსმენის შემდეგ შეაჯამეთ, მოუყევით იმ წესებსა  და ნორმებზე, რომლებსაც ის სკოლაში შეხვდება. ახსენით მათი მნიშვნელობა და აუცილებლობა.

ელაპარაკეთ თანატოლებთან ურთიერთობაზე

სკოლა და საგანმანათლებლო აქტივობა ჯგუფური სამუშაოა. პროცესში ურთიერთობენ არა მხოლოდ მასწავლებელი და მოსწავლე, არამედ მთელი კლასის მოსწავლეები.

ბავშვის თანაკლასელებთან ჰარმონიული ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანი პირობაა კარგად სწავლისათვის. ბავშვს უნდა უნდოდეს სკოლაში წასვლა.

თუ თანატოლებთან კომუნიკაციის სირთულეა, ბავშვი დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. ეს გამოიწვევს სტრესსა და სწრაფად დაღლას, თანაკლასელებთან მუდმივ კონფლიქტს და, საბოლოო ჯამში, სკოლა და ზოგადად სწავლა, შეიძლება სულ შეიძულოს.

კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილება უფრო ადვილია, თუ წინასწარ ასწავლით თქვენს შვილს ემოციების მართვას, თანამოსაუბრის მოსმენას, სხვა ადამიანის მდგომარეობის წარმოდგენას და თანაგრძნობას.

თუ თქვენი შვილი მორცხვია ან უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ითამაშეთ „პირველი დღე სკოლაში“. ვითომ უკვე სკოლაში ხართ.

გაითამაშეთ, როგორ უნდა გაიცნოს თანაკლასელი, რაზე შეიძლება ელაპარაკო მას.

მოსწავლის ავტორიტეტის ამაღლება

სწავლის შეგნებული სურვილი და გაკვეთილებზე წასვლის მოტივაციის არსებობა ძალიან სასარგებლოა ადრეულ სასკოლო წლებში.

ესაუბრეთ თქვენს შვილს, რას ნიშნავს იყო სკოლის მოსწავლე, როგორი ყოჩაღი და საამაყოა, როცა მასწავლებელს უსმენს და დავალებებს ასრულებს. უამბეტ თქვენი პირველი სასკოლო დღეების შესახებ.

თუ სირთულეები წარმოიშვა, როგორ გაუმკლავდით მათ, რა დაგეხმარათ პრობლემების მოგვარებაში?

თვალყური ადევნეთ ბავშვის ჯანმრთელობას

სკოლის დაწყებისთანავე ბავშვის სხეულზე დატვირთვა მკვეთრად იზრდება. დიდი ხნის განმავლობაში იძულებითი პოზის შენარჩუნებისა და დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავების აუცილებლობა, ყოველდღიური რუტინა მოითხოვს გონებრივ და ფიზიკურ ძალას.

ამიტომ მშობლებმა უნდა იზრუნონ მისი იმუნური სისტემის გაძლიერებაზე და ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ეს საუკეთესოდ მიიღწევა დაბალანსებული კვების, ხარისხიანი ძილისა და ფიზიკური აქტივობების მეშვეობით.

ჩამოუყალიბეთ ადეკვატური თვითშეფასება

განვითარებასთან ერთად ბავშვები სწავლობენ საკუთარი „მე“-ს გაგებას, საკუთარი თვისებების შეფასებას, ანუ იძენენ თვითშეფასებას. მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვები კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით, იციან თავიანთი ძლიერი მხარეები, პატივისცემით ეპყრობიან საკუთარ თავს და, ბუნებრივია, ისინი ჩვეულებრივ უკეთესად და დიდი სიამოვნებით სწავლობენ.

დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებს საკუთარი თავი დიდად არ მოსწონთ, ყურადღებას ამახვილებენ თავიანთ ნაკლოვანებებზე და არ არიან დარწმუნებულნი თავის ცოდნაში.

მაგალითად, ცნობილია, რომ ბევრი ბავშვის დაბალი აკადემიური მოსწრება არ არის მათი გონებრივი ან ფიზიკური პრობლემის შედეგი, არამედ მათი თვითშეფასების. მნიშვნელოვანი მოზრდილების, განსაკუთრებით მშობლების ჩაგონება, რომ სწორად იქცევა. ამით ბავშვი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში.

ღიმილი, ქება, მოწონება - ეს ყველაფერი ხელს უწყობს ბავშვის ნდობის ჩამოყალიბებას, რომ ის გაუმკლავდება სირთულეებს, მიაღწევს კარგ შედეგებს და წარმატებული იქნება.

მუდმივი უკმაყოფილება, კრიტიკა და ფიზიკური დასჯა იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი სკოლაში შევიდა, ნუ მოაკლებთ მას თამაშს. დაუტოვეთ თავისუფალი დრო სათამაშოდ, სეირნობისთვის და კომუნიკაციისთვის.

რეჟიმის რეგულირება

წინასწარ, სასწავლო წლის დაწყებამდე ორი-სამი კვირით ადრე დაიწყეთ ცხოვრება სასკოლო განრიგის მიხედვით. შეაჩვიეთ ბავშვი დილის ადრე ადრე ადგომასა და დასაძინებლად არაუგვიანეს 10 საათზე დაწოლას.

დღის განმავლობაში წაახალისეთ, რომ რამე წაუკითხოთ, ესაუბროთ წაკითხულზე, გააფერადებინოთ, ნახატები ააღწერინოთ. თუ ბავშვს საერთოდ არ სურს არაფრის დაწერა და ამოხსნა, შესთავაზეთ კროსვორდის გამოცნობა, თავსატეხის ამოხსნა. ასეთი სამუშაოსთვის დღეში 30-40 წუთი საკმარისია. 

 

წყარო: rogor.ge

მეტის ნახვა