რაფინირებული ხორბლის, ბრინჯის პროდუქტებისა და წითელი ხორცის დიდი ოდენობით მიღება ტიპი 2 დიაბეტის ზრდას უწყობს ხელს - ახალი კვლევა

ხორცი

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ასახავს, რაფინირებული ხორბლისა და ბრინჯის პროდუქტების დიდი ოდენობით ჭამა, მცირე რაოდენობით მარცვლეული პროდუქტების ფონზე, ხელს უწყობს ტიპი 2 დიაბეტის ახალი შემთხვევების ზრდას მსოფლიოში. ამის შესახებ CNN წერს.

"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ უხარისხო ნახშირწყლები არის კვებასთან დაკავშირებული ტიპი 2 დიაბეტის წამყვანი მიზეზი მსოფლიოში", - ამბობს უფროსი ავტორი დოქტორი დარიუშ მოზაფარიანი, ტაფტსის უნივერსიტეტის კვების პროფესორი.

კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორია ის, რომ ადამიანები მიირთმევენ ძალიან ბევრ წითელ და დამუშავებულ ხორცს, როგორიცაა ბეკონი, ძეხვი, სალიამი და მსგავსი პროდუქტები, ნათქვამია კვლევაში. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს სამი ფაქტორი - ძალიან ცოტა მთლიანი მარცვლეულის, ზედმეტად გადამუშავებული მარცვლეულისა და ხორცის ჭამა - იყო ტიპი 2 დიაბეტის 14 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევის ძირითადი მიზეზი 2018 წელს.

ფაქტობრივად, კვლევამ დაადგინა, რომ 2018 წელს, მსოფლიოში, ტიპი 2 დიაბეტის 10 შემთხვევიდან - 7 გამოწვეული იყო საკვების არასწორი არჩევანით.

მოზაფარიანმა და მისმა გუნდმა 1990-2018 წლებში კვების კვლევის მოდელი შეიმუშავეს და იგი 184 ქვეყანაში გამოიყენეს. კვლევამ აჩვენა, რომ 1990 წელთან შედარებით, 2018 წელს, არასწორი კვების გამო, ტიპი 2 დიაბეტის 8,6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზედმეტად ბევრი არაჯანსაღი საკვების მიღება, გლობალურად, ტიპი 2 დიაბეტის უფრო დიდი მამოძრავებელი ძალაა, ვიდრე ჯანსაღი საკვების ნაკლებობა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის ქალებთან შედარებით, აგრეთვე ახალგაზრდებისთვის ხანდაზმულებთან შედარებით და ასევე ქალაქში მცხოვრებთათვის, სოფლების მცხოვრებთა შედარებით.

მსოფლიოში კვებასთან დაკავშირებული ყველა დაავადების 60%-ზე მეტი დაკავშირებულია მხოლოდ ექვს არაჯანსაღი საკვების ჭარბ მოხმარებასთან: ძალიან ბევრი რაფინირებული ბრინჯი, ხორბალი და კარტოფილი; ძალიან ბევრი გადამუშავებული და დაუმუშავებელი წითელი ხორცი; ძალიან ბევრი შაქრიანი სასმლის და ხილის წვენები.

ხუთი დამცავი დიეტური საკვების არასაკმარისი მოხმარება - ხილი, არასახამებლიანი ბოსტნეული, თხილი, თესლი, მარცვლეული და იოგურტი - პასუხისმგებელია ახალი შემთხვევების 39%-ზე მეტზე.

პოლონეთსა და რუსეთში, სადაც კვების რაციონი ძირითადად ფოკუსირებულია კარტოფილზე, წითელ და დამუშავებულ ხორცზე, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კვებასთან დაკავშირებული ტიპი 2 დიაბეტის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

კოლუმბიაში, მექსიკასა და ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის სხვა ქვეყნებში ასევე დაფიქსირდა ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა, რაც მკვლევრების თქმით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს შაქრიან სასმელებთან და დამუშავებულ ხორცთან, ასევე მთლიანი მარცვლეულის დაბალ მოხმარებასთან.

მეტის ნახვა