შეჩერებული საწვრთნელი პროცესი და ფეხბურთელები ხელფასის გარეშე - ქობულეთის "შუქურა" შესაძლოა დაიშალოს

შეჩერებული საწვრთნელი პროცესი და ხელფასის გარეშე დარჩენილი ფეხბურთელები. ქობულეთის „შუქურა“ შესაძლოა დაიშალოს. წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტ, აიეტ კუკავას კლუბის თბილისში გადატანა სურს. სპორტსმენები და „შუქურა“-ს გულშემატკივრები დღეს, ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი ქობულეთის მერიასთან ანაზღაურების მიღების მოთხოვნით შეიკრიბნენ და თვითმმართველობას  შუამდგომლობა სთხოვეს. ამბობენ, რომ კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ მიუღიათ.

რა შედეგს მოიტანს დღევანდელი აქცია გრძელვადიან პერსპექტივაში, ან იქნება თუ არა, ეს ერთგვარი პრევენცია სამომავლოდ, კლუბ „შუქურაში“ პროგნოზირება ცხადია უჭირთ, თუმცა, ფიქრობენ, რომ ამჯერად, სხვა არჩევანი აღარ ჰქონდათ. თვეების განმავლობაში აუღებელი კუთვნილი ხელფასი, ყველამ ერთხმად, ხმამაღლა და საჯაროდ მოითხოვა.

ფეხბურთელები და კლუბის წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტის, აიეტ კუკავასი არ სჯერათ, რადგან დაპირების მიხედვით, აუღებელი ხელფასები წინასაახალწლოდ უნდა მიეღოთ, ამიტომ, მფლობელთან შუამდგიმლობას აჭარის მთავრობას და ქობულეთის მერიას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, კლუბის პრეზიდენტი ხელშეკრულების პირობებს არღვევს და ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგის გათამაშებაა. მანამდე საწვრთნელი შეკრებები უნდა იყოს. ფეხბურთელები კი, პროტესტის ნიშნად, 25 თებერვლამდე არც ვარჯიშს აპირებენ და არც თამაშებზე გასვლას. არა და თუ გუნდი, პირველ ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, ქობულეთის „შუქურა“, უმაღლესი ლიგიდან ავტომატურად ჩამოქვეითდება რეგიონალურ ლიგაში.

გულშემატკივარი, „ქობულეთის „შუქურას“ დაშლის საფრთხეს ხედავს. აშინებთ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, კუკავას სურს კლუბი, თბილისში  გადაიყვანოს და სხვა გუნდთან გააერთიანოს.

ამ რეალობის ფონზე, კლუბის პრეზიდენტი - აიეტ კუკავა, არც ფეხბურთელებს ესაუბრება და არც ჩვენს ზარებს პასუხობს.

გუნდში ფიქრობენ, რომ საუკეთესო გამოსავალია, კლუბმა რამდენიმე თვე, საბიუჯეტო დაფინანსებით იარსებოს და ამ ვადაში კლუბის მეპატრონე შეიცვალოს. ქობულეთის მერი კი, ფიქრობს, რომ მხარეებმა ხელშეკრულების პირობებს კარგად უნდა გადახედონ და სამართლებრივი გამოსავალი იპოვონ. გავრცელებულ ინფორმაციას „შუქურას“ შესაძლო დაშლაზე, ლევან ზოიძე არ ფლობს.

ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე ამბობს, რომ კლუბის პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა მას, პირადად  არ აქვს, ამიტომაც ყველა მხარის ჩართულობით შეხვედრის ორგანიზებას, გუნდს, მომდევნო კვირისთვის პირდება.

მეტის ნახვა