ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელები უხელფასოდ არიან - რას ამბობენ საფეხბურთო კლუბში?

ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელები უხელფასოდ არიან. სპორტსმენებს კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღიათ და მოლოდინი არც წინასაახალწლოდ აქვთ. საფეხბურთო კლუბის წევრები TV25.GE-სთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ისინი პასუხისმგებელი პირების შეუსრულებელ დაპირებებს იხსენებენ. ფეხბურთელების თქმით, რამდენიმე თვის დავალიანება მათთვის ერთდროულად უნდა ჩაერიცხათ, თუმცა მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა. სპორტსმენებს თანხის მხოლოდ ნაწილი მისცეს, ისიც მას შემდეგ, რაც შექმნილი ვითარების შესახებ საჯაროდ ალაპარაკდნენ.

საფეხბურთო კლუბში დავალიანებების შესახებ არსებულ ინფორმაციას ადასტურებენ. დირექტორმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ გუნდის წევრებისთვის თითქმის 2 თვის ხელფასი აქვთ ჩასარიცხი. ირაკლი ბერიძის განმარტებით, საკითხზე, მმართველი კომპანიის ხელმძღვანელთან ჰქონდა კომუნიკაცია და მიიღო დაპირება, რომ პრობლემა ახალ წლამდე გადაიჭრება. არადა დღესასწაულამდე სულ რაღაც 1 დღე რჩება.

ჩაერიცხებათ თუ არა ფეხბურთელებს კუთვნილი ანაზღაურება ხვალამდე? მთავარ კითხვაზე პასუხის მისაღებად "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" დირექტორს დავუკავშირდით , თუმცა აიეტ კუკავამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ცნობისთვის, გუნდი, ოფიციალურად, შეკრებას 2023 წლის 10 იანვარს იწყებს. შექმნილი რეალობის გათვალისწინებით კი, ფეხბურთელები ვარჯიშებზე მისვლას არ გეგმავენ და სხვა გუნდებიდან შეთავაზებებს ელოდებიან.

მეტის ნახვა