33 წლის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონია

კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

უდინეს „დაჩია არენაზე“ სტუმრებს 10 ათასამდე ნეაპოლელი ამხნევებდა. „ნაპოლიმ“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-13 წუთზე მასპინძლები სანდი ლოვრიჩის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს.

შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 52-ე წუთზე კვარაცხელია-ოსიმენის წყვილმა თავისი საქმე მაინც გააკეთა – სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა გაიტანა – 1:1.

ხვიჩა 86-ე წუთზე აპლოდისმენტების ფონზე შეცვალეს, მატჩი კი 1:1 დასრულდა. 33 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 80 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან „ლაციოსთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა და ოფიცილაურად მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მეტის ნახვა