რა ღირს სააღდგომო სუფრა?

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის მოლოდინშია. დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ყველას ერთი საზრუნავი აქვს - როგორ მოამზადოს ტრადიციული სააღდგომო სუფრა, რომლის მთავარი ატრიბუტი პასკა და წითლად შეღებილი კვერცხებია. იმ ფონზე როცა, პროდუქტზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, გასული წლებისგან განსხვავებით, მაღაზიებსა და ბაზრებში ხალხმრავლობა არ შეინიშნება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბრწყინვალე დღესასწაულთან შეხვედრას მინიმალისტური შესაძლებლობების ფარგლებში აპირებენ. რა დაგიჯდებათ სააღდგომო სუფრა?

ასეთი განწყობა, ბაზარში მისულებს დაგვხვდა. მოქალაქეები, სიდუხჭირის გამო, პასკის მოსამზადებელი ინგრედიენტების შეძენას ვერ ახერხებენ. ამბობენ, რომ გაორმაგებული ფასების ფონზე, წელს, სააღდგომო სუფრას ვერ გაშლიან.

რა ღირს პროდუქტი, რომელიც 24 აპრილს, სააღდგომო დღესასწაულისთვის დაგჭირდებათ. ერთი შეკვრა კვერცხი 11 ლარია, ერთი ლიტრი ზეთი 8, ხუთი კილოგრამი ფქვილი 15, ქიშმიში 4. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინგრედიენტებისა, რაც პასკის მომზადებას სჭირდება. სანელებლები, რძე, კარაქი, შაქარი - სრულად, რომ დავიანგარიშოთ, ერთი პატარა ულუფა პასკის გაკეთება, დაახლოებით, 60 ლარი დაგიჯდებათ.

სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი კვერცხია. მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც ამბობენ, რომ ტრადიციულად, 33 კვერცხს ვერ მოხარშავენ, რადგან ფასები კატასტროფულადაა გაზრდილი. გვეუბნებიან, რომ წინა წელთან შედარებით საფასურმა 50 პროცენტით მოიმატა.

აღდგომის დღესასწაულზე, ყველა ქრისტიანულ ოჯახში, პასკის მომზადება და კვერცხის წითლად შეღებვა ტრადიციაა. ისინი ვინც, სადღესასწაულო მთავარ ატრიბუტს, გაძვირებული ცხოვრების ფონზე სახლში ვერ ამზადებენ, სუპერმარკეტებსა და საკონდიტროებში მზას ყიდულობენ, თუმცა, ფასი, ამ შემთხვევაშიც, გაორმაგებულია.

მეტის ნახვა