"მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინას მასხარა დაღუპავდა, მართლაც ასე ხდება" - სპირიდონის მორიგი ანტიუკრაინული ქადაგება

მეუფე სპირიდონის მორიგი ანტიუკრაინული ქადაგება ამბიონიდან. სხალთელი ეპისკოპოსის მტკიცებით, მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინას მასხარა დაღუპავდა და მართლაც ასე ხდება. სიძულვილით მოტივირებული სასულიერო პირის შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ქრისტიანული ეკლესიისა და მოძღვრების მტერია.

"საწყალი ზელენსკი მასხარა იყო მთელი თავისი ცხოვრება და ანტიქრისტიანულად ცხოვრობდა, საშინელი მტერია ქრისტიანული ეკლესიის და ქრისტეს მოძღვრების', - ამბობს სპირიდონი ქადაგებისას.

სინოდის წევრის განცხადებით, მამა გაბრიელმა საქართველოში რუსების მასობრივი ჩამოდინებაც იწინასწარმეტყველა და თქვა, რომ მათ საზღვარი არ უნდა ჩავუკეტოთ. 

"1992 წელში, უბრძანებია კიდე [მამა გაბრიელს], რომ ძალიან ბევრი რუსი შემოვა საქართველოშიო, მშვიდობიანი მოსახლეობაო და არაფრის დიდებით კარი არ ჩაუკეტოთო, მიიღეთ ისინიო. რაც მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, იმას ვიმეორებ", - თქვა სპირიდონმა ქადაგებისას.

სიძულვილის მქადაგებელი ეპისკოპოსის თქმით, უკრაინა ყოველთვის იყო "წმინდა რუსეთი", რაც ძალიან მალე აღდგება და რუსეთს მეფე ეყოლება. სპირიდონის განმარტებითვე, რუსეთში აღდგენილი რომანოვების ტახტი, საქართველოში ბაგრატიონთა ტახტის განახლების პირდაპირპროპორციული იქნება და მთელი ქვეყანა გამთლიანდება.

"უკრაინა არ არსებობდა, რუსეთი იყო სულ, ამიტომ ვევედროთ უფალს კიევის ქვაბში დავანებული წმინდა მამების ლოცვით, რომ იყოს მშვიდობა", - ამბობს სპირიდონი ქადაგებისას.

მეტის ნახვა