26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

ქეთევანობა

მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს. მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა ჩატარდება.

გადმოცემის თანახმად, შაჰ-აბასმა ტყვეობაში მყოფ დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო. იმის გამო, რომ მან რჯულის შეცვლაზე უარი განაცხადა, დედოფალი წამებით მოკლეს. იგი, ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს, გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმინდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმინდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასევე გააგზავნეს ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანსა (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).

ქეთევან დედოფალი 1624 წლის 12 სექტემბერს აწამეს. წმინდა დედოფლის ხსენება ეკლესია–მონასტრებში 13 (ახალი სტილით 26) სექტემბერს აღესრულება.

მეტის ნახვა