17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება

17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო მსვლელობას გამართავს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, თბილისში 17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება, რომელსაც ქაშვეთის ეკლესიაში დააბრძანებენ, სადაც პარაკლისი შესრულდება, რის შემდეგაც ხატებით მსვლელობა შედგება.

მათივე ცნობით, პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიეძღვნება ერთი ოჯახის დღესა და მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

"წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ.

სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, - წმ. დავით გარეჯელის "მადლის ქვა" და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა.

პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, - მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას.

ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.

გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია!",- წერია ინფორმაციაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ იგი ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.

ლგბტქ​ აქტივისტებმა 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო აქტივობები არ ჩაატარეს, რადგან, როგორც ამბობენ, მათთვის ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, ეს დღე კი ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს.

ლგბტქ აქტივობები ივნისის თვეში დაიგეგმა. 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ სიამაყის კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა.

მეტის ნახვა