უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს  NKVD-ს მეთოდებით უსწორდება:

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

სსრკ-ს NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უარყოფს რომ მას სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს.

უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. არ ეთამაშოს ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო." - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე განცხადება გუშინ, 1-ელ თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა და პრესკონფერენციაზე მედიას, მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები აჩვენა.

მეტის ნახვა