უარი ევროპისგან - პოლიტიკური შეფასებები

ევროპული ოჯახის წევრობის მიღმა დარჩენილები. შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი გვქონოდა და ისტორიული ფაქტის მომსწრე გავხმდარიყავით გუშინ დავკარგეთ. ასოცირებული ტრიოს მიღმა მყოფებს, ახლა მხოლოდ ერთი 12 დათქმის პირნათლად შესრულების ვალდებულება გვაკისრია. რას ვიმკით ხელისუფლების ქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგად? ევროსაბჭოს უარის პოლიტიკური შეფასებები.

ევროპული ოჯახის წევრობის მიღმა დარჩენილებს, ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ევროსაბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ექვსი თვის ვადაში შევასრულოთ. ოპოზიციაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი ჰქონდათ, შესაბამისად, არ გაჰკვირვებიათ. „ლელოში“ ამბობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ ვერდიქტი ლოგიკური იყო.

პარტიაში, „საქართველოსთვის“ ფიქრობენ, რომ  „ქართული ოცნებას“, მზაობა იმისა, რომ ევროპული ოჯახის წევრი გავმხდარიყავით არ ჰქონია. აკაკი გვიანიძის შეფასებით, მოვლენები, ისე განვითარდა როგორც მოსალოდნელი იყო.

დღევანდელი სურათი, კატასტროფულად მიაჩნიათ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში ფიქრობენ, რომ ისტორიული შანსი, „ქართული ოცნების“ დეპუტატების დაუფიქრებელი განცხადებებითა და ქმედებებით დავკარგეთ. ახლა ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ.

სიძულვილის ენა, ევროპული ოჯახის მიმართ დამოკიდებულება და მიზანმიმართული ცუდი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან - ამ და კიდევ მრავალ გარემოებას უკავშირებს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებას. გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ ერთადერთი გადარჩენის გზა ახლა, ქუჩაში გამოსვლა და ევროპისთვის ხმის მიწვდენაა, რომ ჩვენ ნამდვილად გვსურს ევროპული კავშირის წევრი.

შანსების ნულამდე დაყვანის, მთავარ მიზეზად,  ხელისუფლების ქმედებები მიაჩნიათ, „ევროპულ საქართველოშიც“. აქ ამბობენ, რომ ახლა „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გამოიყენოს შანსი და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპამ მიგვიღოს.

გამოიყენებს თუ არა მმართველი გუნდი შანსებს, ამას დრო გვიჩვენებს. პოლიტიკური ერთიანობა - ეს არის ევროკომისიის პირველი მოწოდება, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. 12-პუნქტიან დათქმაშია დეოლიგარქიზაციაც. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრი ხელისუფლების მობილიზებაში გვარწმუნებს, ცდილობს სარწმუნო გახადოს ის ფაქტიც, რომ დეოლიგარქიზაციის გამოწვევა ქვეყანაში არ არსებობს. 

მეტის ნახვა