ცვლილებები სამშენებლო პოლიტიკაში - რა ბედი ელის ბათუმს?

საქართველოს პარლამენტში სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას ამჯერადაც ცხარე კამათი მოჰყვა. დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მოხსენება აჭარის მაჟორიტარმა, რესან კონცელიძემ წარადგინა. მას სიტყვიერად ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის მიღებით დანაშაულს სჩადის. რა ბედი ელის ბათუმს ახალი ინიციატივა თუკი დაკანონდება?

„კანონპროექტის მიღებით ხელისუფლება დანაშაულს სჩადის“, - ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასება სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტა ურბანული გენოციდის ტოლფასია, რაც მოსახლეობის წინაშე გამოუსწორებელი შეცდომა იქნება.

კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა ირმა ზოიძესაც. სამოქალაქო აქტივისტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ გუნდი განაშენინების გეგმას ფეხქვეშ თელავს და საზოგადოებას არ უსმენს.

მწვავე კამათის შემდეგ, რესან კონცელიძემ, რომელიც საკითხის ერთ-ერთი ინიციატორია, სცადა განემარტა, რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი. აჭარის მაჟორიტარის თქმით, სიახლე მომავლის გეგმაა და უკვე არსებულ შენობებთან შემხებლობაში ვერ მოვა.

შეგახსენებთ, ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაა, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა, შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა. დოკუმენტის მიხედვით, შეღავათი იმ ობიექტებზეც გავრცელდება, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არაა, ანუ უკანონოდაა აშენებული, თუმცა, განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია. ცნობისთვის, ინიციატივის ავტორები რესან კონცელიძე,ზაალ მიქელაძე და ანზორ ბოლქვაძე არიან.

მეტის ნახვა