შუახევის საკრებულოს როსტომ ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს

შუახევი

14 ხმა, არცერთი წინააღმდეგი, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე გახდა. ახალი მოწვევის წარმომადგენლობითმა ორგანომ, დღესვე, გამოავლინა, მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეებიც. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა იმ არგუმენტით არ მიიღო, რომ პროცესი წინასწარ მართული იყო.

გახარიას პარტიის წევრი აცხადებს, რომ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, მუშაობის პოლიტიკა უცვლელია - მოსახლეობის ინტერესებზე არ არის გათვლილი და არც მათ საჭიროებებს პასუხობს. მერაბ დავითაძე მთავარ პრობლემად, შუახევში, სოფლის მეურნეობის სექტორს ასახელებს და ამბობს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ამ მიმართულებით, ბევრი უნდა იმუშაოს.

საკრებულოს 21 წევრიდან, მხოლოდ სამია ქალი. მათგან ორი მმართველ პარტიას, ერთი კი - ოპოზიციას ჰყავს წარმოდგენილი.

საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა. განაცხადი მმართველმა პარტიამ და  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთეს.

საკრებულოს თავმჯდომარე, ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს, როსტომ ლორთქიფანიძის განცხადებით, მმართველი პარტია ერთიანობის პრინციპით მუშაობს და არჩევანის იდენტურობასაც, ეს გარემოება განაპირობებს.  წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან მუშაობის მზაობას გამოთქვამს.

შუახევის საკრებულოში, ყველა არჩევით თანამდებობაზე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაინიშნენ. ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატურა, მხოლოდ, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე წარადგინა. ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

მეტის ნახვა