"საინტერესო წინადადება ნამდვილად იქნება" - TV25.GE-ის ინფორმაციით, "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება

TV25.GE-ის ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე კენჭს სავარაუდოდ, ადლიის საარჩევნო ოლქში იყრის, სადაც ხელახალი არჩევნები ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ჩაინიშნა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციას სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვიდასტურებს, რამაზ ჯინჭარაძე ირწმუნება, რომ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია. 

"პირველად მესმის, არ გამიგია. თუ მექნება კონსულტაციები აუცილებლად გეტყვით, ამ ეტაპზე არ მქონია. თუ იქნება შეთავაზება შევხედავ, ვნახავ... საინტერესო წინადადება ნამდვილად იქნება. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით,"- უთხრა TV25.GE-ს რეპორტიორს რამაზ ჯინჭარაძემ.

საინტერესოა ერთი გარემოება, ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სამთავრობო ტროლები აქტიურად აპიარებენ.

"მისთვის არასდროს არ არსებობდა იმაზე დიდი და საპასუხისმგებლო თანამდებობა ვიდრე, ხალხის სიყვარული და თავის ხალხზე კარგი საქმეების კეთებაა. რამაზ ჯინჭარაძე იმსახურებს წინსვლასა და წარმატებებს, მჯერა რომ რამაზ ჯინჭარაძე ახლო მომავალში თავიანთი ხალხის საკეთილდღეოდ უფრო მეტ სიკეთეს გაკეთებს," - წერენ სამთავრობო ტროლები ფეისბუქში. სტატუსებს ძირითადად "ქართული ოცნების" მომხრეები აზიარებენ.

შეგახსენებთ, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

მერობის კანდიდატმა ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს "ქართულ ოცნებაში" გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტის ნახვა