სააკაშვილი "ვივამედში" - პოლიტიკური შეფასებები

დილიდან მოვლენების ეპიცენტრი კლინიკა ვივამედია, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამოკვლევები უტარდება. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს ექსპრეზიდენტი  ხელის აწევით მიესალმა. რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა,  უცნობია როგორია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის და რა სამედიცინო დახმარებას უწევენ მას კლინიკის ექიმები.

მიხეილ სააკაშვილი პირველმა დედამ მოინახულა. გიული ალასანია სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მის შვილს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდება.  ალასანიას თქმით, მსჯავრდებულის  მკურნალობა საქართველოში იმ დიაგნოზებით, რაც მას აქვს, შეუძლებელია. ამიტომ ოჯახისთვის დღის წესრიგში კვლავ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა დგას.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ნაციონალური მოძრაობა დადებითად აფასებს, თუმცა ძალაში რჩება პარტიის მთავარი მოთხოვნა - ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის "ვივამედში" გადაყვანით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და შემდეგი ნაბიჯი  საზღვარგარეთ გადაყვანა  იქნება. მეორე ნაწილის თქმით კი, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნებაა და ამას მხოლოდ მაშინ იზამს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება.

მმართველ პარტიაში კი, რიტორიკა შეცვლილია, პირველად, "ქართულად ოცნება" არ გამორიცხავს რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვას. 8 თვეა ხელისუფლება პრეზიდენტს სიმულიანტობაში ადანაშაულებს, თუმცა, დღეს მმართველ გუნდში მის  საზღვარგარეთ გადაყვანაზე ალაპარაკდნენ.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა კი 27 აპრილს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა გაასაჯაროვა. დასკვნით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის წევრები ვერ ამბობენ, აუცილებელია თუ არა სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს. 

მეტის ნახვა