როგორ "აშავებენ" სტუდენტები პოლიტიკოსებს - ახალი მიმოწერები

აჭარაში, ტროლები პოლიტიკოსებისა და განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების დისკრედიტაციას აგრძელებენ. TV25-მა მორჩილი სტუდენტების მორიგი მიმოწერა მოიპოვა. ახალი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჩვენი წყაროს ძიების პარალელურად, რიჩარდ სირაბიძე და ლიკა დიასამიძე სტუდენტებს ოპონენტების გაშავებას ისევ აიძულებენ. ხელისუფლება და ბსუ-ს რექტორი სკანდალში ფიგურანტი ადამიანების პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ. შეგახსებებთ, TV25-მა რამდენიმე დღის წინ, სახელისუფლებო ტროლების სქემა გაშიფრა. რომელშიც ოპოზიციის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის წევრების დისკრედიტაციის მიზნით, ბსუ-ს სტუდენტების ჩართულობა დადგინდა.

ჩვენ ვაგრძელებთ ბსუ-ს მორჩილი სტუდენტების მხილებას. TV25-სთვის ცნობილი ხდება, რომ სკანდალური მიმოწერების გასაჯაროების შემდეგ, რიჩარდ სირაბიძე და ლიკა დიასამიძე წყაროების დადგენას ცდილობენ, თუმცა მათ ჯერ ეს ვერ მოახერხეს. სტუდენტები სისტემის შიგნიდან მხილებას ისევ აგრძელებენ. გვიყვებიან, რომ დეპუტატისა და თვითმმართველობის თავმჯდომარის დავალებების იძულებით შესრულება აღარ სურთ, თუმცა იციან, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ. ახალგაზრდები ბინძური სქემიდან თავის დაღწევას კი ჟურნალისტების დახმარებით ცდილობენ. ჩვენს ხელთაა მიმოწერის ათეულობით სქრინი, რომელთა ნაწილსაც ახლა გიჩვენებთ. გასაჯაროებული სკანდალური მიმოწერების მიუხედავად, ჩატი, სახელწოდებით ბსუ-41,  ისევ არსებობს, სადაც დეპუტატი სტუდენტებს ისევ „ქართული ოცნების“ პიარსა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ავალდებულებს.

სტუდენტები დღეს უკვე აღარ უარყოფებ და საჯაროდ ამბობენ, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის დაკვეთას ასრულებენ. უფრო მეტიც, ნაწილს მიაჩნია, რომ რიჩარდ სირაბიძე მათი წინამძღოლია და მისგან სასარგებლო რჩევებს ისმენენ. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ჩატში, რომელსაც დეპუტატი მართავს, 30-მდე სტუდენტია. „მორჩილი სტუდენტების“ კონტაქტების დადგენის შემდეგ, რამდენიმე მათგანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ.

სტუდენტების დადასტურების მიუხედავად, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა ამტკიცებს, რომ გავრცელებული ფაქტები ფაბრიკაციია. ისინი თანაგუნდელი, რიჩარდ სირაბიძის ქმედებას გაუგებარი და დაუსაბუთებელი მოტივებით ამართლებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი მომხდარში თანაგუნდელის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. უფრო მეტიც, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებით ოპოზიციაა დაკავებული.

პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანია ისევ გრძელდება, რასაც ხელისუფლება ახალისებს. ბსუ-ს რექტორი კი პასუხისმგებლობას გაურბის და „ქართული ოცნების“ შეჩერებას არ ცდილობს. მერაბ ხალვაში თემის კომენტირებასაც ვერ ბედავს. სტუდენტები კი, რომლებსაც ბინძურ კამპანიაში მონაწილეობა არ სურთ, ახლა დამოუკიდებლად ცდილობენ გადააყენონ თვითმმართველობის თავმჯდომარე, ლიკა დიასამიძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატს მორჩილი სტუდენტების ტერორში ეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ ტროლების სქემის მთავარი ფიგურანტები ჩართულ კამერას გაურბიან. მიუხედავად ამისა, სურვილის შემთხვევაში, პოზიციის დასაფიქსირებლად ჩვენ მზად ვართ მათ პირდაპირი ეთერი შევთავაზოთ.

მეტის ნახვა