რეორგანიზაცია თუ პოლიტიურ შეხედულებას შეწირული საჯარო სამსახური?

რეორგანიზაცია თუ პოლიტიკურ შეხედულებას შეწირული საჯარო სამსახური. ამას საბოლოოდ სასამართლო დავა გადაწყვეტს, თუმცა გოჩა მჟავანაძე საკუთარ სიმართლეში ღრმადაა დარწმუნებული. ამბობს, რომ იგი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული შეხედულებების გამო დასაჯეს. ხელვაჩაურის მერიის, ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიცია, ოფიციალური ვერსიით, 13 მაისს გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა. მჟავანაძე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მის გასათავისუფლებლად დაიგეგმა, რადგან მიმდინარე წელს, ერთი რეორგანიზაცია 1 აპრილს დასრულდა. დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ თავიდან დაწყებულ პროცესს კი მხოლოდ თავად შეეწირა.

2022 წლის 1 აპრილს დასრულებული და 13 მაისს მეორედ გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომელსაც ერთი თანამშრომლის სამუშაო ადგილი  შეეწირა. ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს. გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ ოფიციალური ვერსიით, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა, თუმცა რეალურად, იგი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და გამოხატული სამოქალაქო პოზიციების გამო დასაჯეს.

გოჩა მჟავანაძის რა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობა არ მოსწონდათ მმართველ გუნდში და მერს - ზაზა დიასამიძეს? მჟავანაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი, უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა იყო. განსაკუთრებით აღიზიანებდათ მის მიერ სახელისუფლებო გუნდის ოპონენტების მიმართ გამოხატული საჯარო სოლიდარობაც.

ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილების უკვე ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ რეორგანიზაცია კანონდარღვევით ჩატარდა და მას მხოლოდ თავად შეეწირა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. განმარტავს, რომ იგი თანამდებობაზე 2021 წელს, კონკურსის გზით დაინიშნა და რეორგანიზაციისას მისი მობილობა უნდა მომხდარიყო, მით უფრო, რომ ოთხჯერ იყო შეფასებული მაქსიმალური ქულებით.

ბრალდების ადრესატს, ხელვაჩაურის მერს, პასუხებისთვის დღის ბოლომდე ველოდეთ. კითხვებზე საპასუხოდ, ზაზა დიასამიძემ, უარი, მხოლოდ უდროობით დაგვისაბუთა და კომენტარის გაკეთებას, მომდევნო კვირისთვის დაგვპირდა. გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ ახლა მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს -  მოემზადოს სამართლებრივი დავისთვის.

მეტის ნახვა