ახალი ამბები • 1756410394
"რეგიონები საქართველოსთვის" - ტარიელ ნაკაიძემ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა
პოლიტიკურ ველზე ახალი პარტია გამოჩნდა. "რეგიონები საქართველოსთვის" - ასე ჰქვია გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელიც ტარიელ ნაკაიძეა. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის შეფასებით, იმ ფონზე, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არც მმართველი გუნდი მოსწონს და არც ოპოზიციური პარტიები ეიმედება, ახალი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ქაოსის და პოლარიზაციის პირობებში, პროცესის გაჯანსაღების მიზნით ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო.
ნაკაიძის განმარტებით, პარტიის მიზანია:
წარმოადგინოს და დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები;
კანონის უზენაესობაზე, ევროპულ ღირებულებაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენება;
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური გარანტიების ჩამოყალიბება;
საქართველოში მცხოვრები უმცირესობების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, უფლებების დაცვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საყოველთაო ხელშეწყობა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაკაიძე მეათე მოწვევის პარლამენტში, პარტია „ევროპული საქართველოს“ კვოტით შედიოდა, თუმცა იმ დროისთვის პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, „ევროპულმა საქართველომ“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა. სწორედ მაშინ გამოეყო ნაკაიძე რამდენიმე წევრთან ერთად პარტიას და ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში დამოუკიდებლად შევიდა.

1756113571

1757707562