პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინი

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

"თავდაცვითი საწარმოების მატერიალური, რესურსებისა და ფინანსური მხარდაჭერის ყველა საკითხი მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს."- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ "დასავლეთის მიზანია რუსეთის დასუსტება, დაყოფა და განადგურება".

"ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ 1991 წელს შეძლეს სსრკ-ს დაშლა, ახლა კი დადგა დრო, რომ თავად რუსეთის ფედერაცია დაიშალოს ბევრ მეომარ რეგიონად."- განაცხადა პუტინმა.

მან მსგავს ზომებს "აუცილებელი გადაუდებელი ნაბიჯები რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად" უწოდა. 

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლება და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერი, დენის პუშლინი აკეთებენ.

ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმი" ასევე 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, განაცხადა რეგიონის "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა", ვლადიმერ სალდომ. მან მოსახლეობას მოუწოდა "გამოიჩინონ სამოქალაქო ცნობიერება და გააკეთონ ისტორიული არჩევანი."

თავდაპირველად კრემლი 11 სექტემბერს უკრაინის რამდენიმე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" გამართვას გეგმავდა: დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გარდა, ხერსონსა და ზაპოროჟიეშიც იყო დაგეგმილი. თუმცა, ფრონტზე არსებული მდგომარეობისა და რუსული ჯარების კონტრშეტევის გამო, ეს იდეა ვერ განხორციელდა.

საერთაშორისო სამართალი დეტალურად არ აღწერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის კანონიერებას. გარდა იმისა, რომ გაეროს წესდება მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში კრძალავს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანუ ტერიტორიების ანექსიას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სეპარატისტებისა და საოკუპაციო ადმინისტრაციების გეგმებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს ქმედებები კიევისთვის არაფერს შეცვლის.

მეტის ნახვა