პატიმრობის მეორე დღე და გზავნილები თავისუფლებისთვის ბრძოლაზე - შეფასებები ნიკა გვარამიას საქმეზე

პატიმრობის მეორე დღე და გზავნილები თავისუფლებისთვის ბრძოლაზე. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის“ დაკავებული დირექტორი მნახველებს იღებს. გრძელდება შეფასებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ახლა აქტუალური კითხვაა, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას. „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა სცეს.

ნიკა გვარამიასთან იმყოფებოდა  პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია. მისი ინფორმაციით, პატიმარი მედიამენეჯერი  თავს მხნედ გრძნობს. საპატიმროდან  გვარამიას მთავარი გზავნილი თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავარი არხის დირექტორმა,  ყველას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის მისი შეწყალების თხოვნით არ მიემართათ, საკითხი მაინც აქტუალურია. ომბუდსმენი, რომელმაც პატიმარი გვარამია გუშინ მოინახულა, საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას გეგმავს.

ქართული ოცნება ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, რადგან ის პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა გაუფრთხილდეს. მმართველი გუნდის განმარტებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მედიაში მუშაობის სტატუსი სამართლებრივ მოქმედებებს ვერ შეაჩერებს. 

საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას  სამართლებრივ პროცესთან  საერთო არ აქვს.  ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ახლა, როცა ქვეყანა ევროკავშირში წევრობის სტატუსს ელოდება, გვარამიას დაკავება  განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

მთავარი არხის დამფუძნებელი  გუშინ  მოსამართლემ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განუსაზღვრა. გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში , რომელიც "პორშესა" და ტელეკომპანია რუსთავი 2 ში-  6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

მეტის ნახვა