მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს. პირველი ლოკაცია ხვალ, მთავრობის ადმინისტრაცია იქნება. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება ექსპრეზიდენტის ძმებმა რუსთავის 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გააკეთეს. ამის პარალელურად, სააკაშვილი ოჯახი რამდენიმე დღეა პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა აუდიენცია ამ დრომდე ვერ შედგა.

„ლოდინის დრო აღარ არის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია“ - ეს განცხადება ექსპრეზიდენტის ძმებმა დღეს გააკეთეს. მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს ნაციონალური მოძრაობა. ლევან ხაბეიშვილი „ოცნების“ დეპუტატს დავით სერგეენკოს მოუწოდებს, თავად შევიდეს სააკაშვილის საპატიმროში და სიტუაცია შეაფასოს.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას კვლავ ვერ ხედავს მმართველი გუნდი. კახა კალაძე ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია.

საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარს ამბობენ, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ციხეში, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ მოინახულოს. სოზარ სუბარის თქმით, თუ საჭიროება დადგება, ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს სუიციდის პროგრამაში ჩართვით უზრუნველყოფენ.

სააკაშვილი ოჯახი რამდენიმე დღეა პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა აუდიენცია ამ დრომდე ვერ შედგა. ვიდრე ექსპრეზიდენტის ახლობლები საპატრიარქოსგან პასუხს ელოდებიან, პრემიერის პირად გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის და პატრიარქის შეხვედრის ფოტო მასალა გავრცელდა. მთავრობის მეთაურის სოციალურ ქსელში წერს, რომ ილია მეორეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. განიხილეს თუ არა მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე, უცნობია. 

მეტის ნახვა