ხალხის მიერ არჩეული კანონდამრღვევი დეპუტატი - რიჩარდ სირაბიძე მანქანას მართვის უფლების მოწმობის გარეშე მართავდა

ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი, რომელიც, საზოგადოებისთვის კანონმორჩილების მაგალითი  უნდა იყოს, კანონდამრღვევად თავად გვევლინება. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ავტომობილს მართვის უფლების მოწმობის გარეშე მართავს. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხით მედიის დაინტერესების  შემდეგ, მმართველი გუნდის წევრმა, ვიდეო წაშალა. ეს ის დეპუტატია, რომელიც, რამდენიმე თვის წინ,სოციალურ ქსელში ქილიკობდა , როცა საქმე, ოპოზიციური პარტიის წევრს ეხებოდა.  საკმარისია თუ არა რიჩარდ სირაბიძისთვის, პოლიტიკური გავლენები ავტომობილის მართვის უფლების მოწმობის გარეშე სამართვად.

სამი თვის წინ, ქართული ოცნების გუნდის წვერმა, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი,  გიორგი კირთაძე, საჭეს  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ატარებდა. საკრებულოს დეპუტატმა, ოპონენტის მიმართ კრიტიკა და ქილიკი არ დაიშურა. რიჩარდ სირაბიძე, მაშინ, წერდა, რომ ამომრჩევლის ნდობით აღჭურვილი პირი, ხალხისთვის მაგალითი უნდა იყოს და კანონს არ უნდა არღვევდეს. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ სირაბიძეს  საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა და ექსპერტიზის საფუძველზე დადასტურდა, რომ კირთაძე, ავტომობილს ფხიზელი მართავდა.

რა მაგალითს აძლევს, თავად, ხალხის მიერ არჩეული „ქართული ოცნების“ დეპუტატი თანამოქალაქეებს? გუშინ, სოციალურ ქსელში, „აჭარა.News"-ის  მიერ გავრცელდა ვიდეო, რომ რიჩარდ სირაბიძე ავტომობილს, მართვის უფლების მოწმობის გარეშე მართავს. საკრებულოს წევრი, რომელსაც მეტი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენის ვალდებულება აქვს, კანონს არ დაემორჩილა. ფაქტის გადასამოწმებლად, სირაბიძეს დავუკავშირდით, მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ჩვენს კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა და ტელეფონი გაგვითიშა.

დროის არ ქონის მიზეზით, შეწყვეტილი საუბრის გაგრძელება, სირაბიძესთან, მოგვიანებით ვცადეთ. კითხვებზე პასუხი, მოგვიანებითაც არ გაგვცა და მეტიც, ჩვენს მიმართ, უფრო აგრესიული გახდა.

კანონის მიხედვით,  პირზე, რომელიც ავტომობილს მართვის უფლების მოწმობის, გარეშე მართავს, ჯარიმა ვრცელდება. ფაქტის განმეორების  შემთხვევაში სანქცია იზრდება. თუ კი კანონდამრღვევი, სხვის სახელზე არსებულ ქონებას, სპეციალური დოკუმენტის გარეშე ატარებს, ავტომობილის მეპატრონეც ჯარიმდება.

უნდა მოჰყვეს თუ არა კანონდარღვევას, სამართლებრივი რეაგირება, მმართველი პარტიის დეპუტატის მიმართ? კითხვით, სირაბიძის თანაგუნდელებს მივმართეთ. გავრცელებული ვიდეოს მიუხედავად, ტიტე აროშიძეს სირაბიძის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება. ნაწილისთვის კი, საკითხი უინტერესო აღმოჩნდა და კითხვებით გაღიზიანდნენ.

მოჰყვება თუ არა ფაქტს  სამართლებრივი რეაგირება, სამართალდამცავების მხრიდან? შინაგან საქმეთა სამინისტროში საკითხი კომენტარის გარეშე დატოვეს. საინტერესოა, რა რეაგირება მოჰყვება დეპუტატის მხრიდან კანონდარღვევას და ეყოფა თუ არა რიჩარდ სირაბიძეს საკუთარი და პოლიციელი მამის გავლენები, ფაქტის მიჩქმალვისთვის.

მეტის ნახვა