გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ?

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - მესამე პრეზიდენტის ადვოკატები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უფლებადამცველები და ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სწორედ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა გადაიყვანონ.

დიპლომატებთან შეხვედრას ენმ-ში პოზიტიურად აფასებენ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, დიპლომატიური კორპუსი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას მკაფიოდ უჭერს მხარს.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად,  უცხოურ კლინიკებთან მოლაპარაკებები დაიწყო. საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის  დეპუტატმა, სოფო ჯაფარიძემ თქვა, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ხელისუფლებას უცხოური კლინიკებისგან მიღებულ ყველა წინადადებას შესთავაზებს.

ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებების ფონზე,  „ქართული ოცნება“ არც პოზიციას და არც რიტორიკას ცვლის.  მმართველი პარტიის  თავმჯდომარის თქმით,  ყველა ვინც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, საქართველოში ომის გაჩაღების მომხრეა. ჩამონათვალში ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველიც ახსენა და თქვა, რომ ნინო ლომჯარია იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ომის პარტია ჰქვია.

კონსილიუმის დასკვნა "ქართული ოცნებისთვის" შესაძლოა, დიდ თავის ტკივილად იქცა - ასე პასუხობს სახალხო დამცველი ირაკლი კობახიძის ახალ თავდასხმას და ბრალდებებს. ლომჯარიას თქმით, ეს ბრალდებები დასტურია იმის, რომ ხელისუფლებამ ვერც ერთი კომპეტენტური და კვალიფიციური არგუმენტი ვერ თქვა ექიმების გუშინდელი  დასკვნის გასაბათილებლად. ომბუდსმენის შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი სამედიცინო სერვისი დროულად არ მიიღო, შესაძლოა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს. იგი ხელისუფლებას სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ანორექსია,  კუნთების განლევა და ცილოვანი შიმშილი - სახალხო დამცველის ექიმების  ჯგუფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესად  აფასებს. გუშინ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ციხის გარემო საშუალებას არ იძლევა, რომ რეაბილიტაციის კურსი სრულად ჩატარდეს. ექიმები ამბობენ, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი შესაბამის საკვებს ვერ იღებს. 

მეტის ნახვა