ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ ხმაურის ფონზე ჩატარდა

კონსტრუქციულობის მზაობით დაწყებული სხდომა, რომელსაც ადეკვატური გაგრძელება არ ჰქონია. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინადადება არ მიიღო და ოპონენტების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკითხები კენჭისყრაზე მაინც დააყენა. ოპოზიცია ითხოვდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებასა და ქალაქის განაშენიანების საკითხებზე ემსჯელათ. შედეგი ამგვარია: ვიდრე ქალაქს გენგეგმა არ ექნება, მერი უფლებამოსილია k2 კოეფიციენტი საკრებულოსგან დაუკითხავად გაზარდოს და ეს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით გაამართლოს.

იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში, რომელიმე ავარიული სახლის ადგილზე, ინვესტორი მივა და სანაცვლოდ ახალი სახლის მშენებლობას დაიწყებს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, მერი უფლებამოსილია საკრებულოსგან დაუკითხავად, k2 კოეფიციენტი გაზარდოს. ერთი შეხედვით, ეს ავარიულ სახლებში მცხოვრებლების ინტერესს ემსახურება, თუმცა ქალაქი, რეალურად სხვა რისკის წინაშე დგას. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ბათუმის ჩაბეტონებას გამოიწვევს და მათივე თქმით, მაღალია კორუფციის რისკიც. რატომ? იმიტომ, რომ ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმა არ აქვს. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, ოფიციალურად ითქვა, რომ 2027 წლის 1 იანვრამდე, მერს შეუძლია, დღეს მიღებული დროებითი წესით იხელმძღვანელოს.

პროტესტი სხდომათა დარბაზშივე გამოთქვა მესამე სექტორმაც. მათ აეჭვებთ, იმ საბჭოს გამჭვირვალედ დაკომპლექტების საკითხიც, რომელიც ერთგვარი სათათბირო ორგანო იქნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებისას. ამბობენ, რომ უცნობია, რა კატეგორიის ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული ეს საბჭო, ვინაიდან, ჩანაწერი ბუნდოვანია. ნდობა არ აქვთ, რადგან დღესაც კი, მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საჯარო მოხელეა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ოპოზიციური სპექტრი საკითხის ამოღებას ითხოვდა, რათა განხილვები გაგრძელებულიყო.

ის, რომ კონსტრუქციული მუშაობა მნიშვნელოვანია და ამის მზაობა არსებობს, დღეს, ორივე მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუმცა, დღეს „ქართულ ოცნებას“ ამის მცდელობა არ ჰქონია. ოპოზიციის მოთხოვნა მმართველმა გუნდმა, არცერთ ნაწილში გაითვალისწინა. არჩილ ჩიქოვანამა კი, ოპონენტებისგან მადლობა, მხოლოდ, იმიტომ მიიღო, რომ ოპოზიციის შიში დაძლია და სხდომას ოპონენტების მონაწილეობით დაესწრო.

მეტის ნახვა