ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა და კრიტიკული განცხადებები ოპოზიციისგან - რა ხდებოდა დღეს?

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა და კრიტიკული განცხადებები მმართველი გუნდის ოპონენტებისგან. შენიშვნების გარეშე არც დღევანდელ სხდომას ჩაუვლია.

„თაღლითს აქვს ორი კოზირი, როცა თაღლითია და როცა პატიოსან ხალხთან აქვს ურთიერთობა. ჩვენ მივხედოთ ჩვენს საქმეს, დანარჩენს, სხვები მიხედავენ“ - ასე უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპონენტს, რომელმაც მოსთხოვა საკრებულოს, საჯაროდ დაეფიქსირებინათ პოზიცია ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების ფაქტთან დაკავშირებით. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დღეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ყოფილი პროკურორის მფარველობისთვის და თქვა, რომ დუმილი, კანდიდატის სტატუსის მიღებას კიდევ უფრო აყენებს ეჭვქვეშ.

ცხადია, ოპოზიცია შეეხო ქალაქისთვის აქტუალურ საკითხებსაც.  განცხადებით მიმართა საკრებულოს პარტია „საქართველოს“ წევრმა, აკაკი გვიანიძემ. იგი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, შედგეს შეხვედრა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან და იმსჯელონ უამინდობისგან მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების პრევენციის საკითხებზე. საკრებულოს წევრის თქმით, ბათუმის მერიამ, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები მაქსიმალურად დაფინანსდეს 2024 წლის ბიუჯეტით.

განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც გააკეთეს. მათ რიგი ინფრასტრუქტურული საკითხების ჩამონათვალი წარმოადგინეს,  რომლებითაც თვითმმართველობა, თვეებია არ ინტერესდება. ყურადღება გაამახვილეს სოციალურად დაუცველი ოჯახების კოლოსალურად გაზრდილ ოდენობაზეც. პრეტენზია გამოთქვეს იმაზეც, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების შენიშვნებს არ ითვალისწინებს, რის გამოც, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, სხდომებზე დასწრებას აღარ აპირებს. ოპონენტების განცხადებას თენგიზ აფხაზავამ უპასუხა. უმრავლესობის გუნდის წევრი ამბობს, რომ რეზო ხარაზის წარმოდგენილი სტატისტიკა გაბერილია, თუმცა, მისივე თქმით, ქულების დათვლის და სტატუსის მინიჭების მეთოდი შესაცვლელია, რადგან, ბევრ ბენეფიციარს, შემწეობა, დაუმსახურებლად აქვს მიღებული. აფხაზავამ, ხარაზს, პოლიტიკურ ნაწილშიც გასცა პასუხი.

და რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. იმსჯელეს, კონკრეტულ მისამართზე, განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე, რასაც ხმაური მოჰყვა დარბაზში. ოპოზიცია შიშობს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, სამართლიანად ვერ განხორციელდება, რადგან ინვესტორი იმ მისამართს აითვისებს, სადაც მცირებინიანი კორპუსი დგას, ხოლო ბევრად სავალალო მდგომარეობაში მყოფი მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები ისევ რისკის ქვეშ დარჩებიან, რადგან იქ ინვესტორს ნაკლები მოგება, შესაბამისად ნაკლები ინტერესი ექნება.

საკრებულომ, დღესვე კენჭი უყარა 2019 წლის 19 ივლისის დადგენილებაში ცვლილებებს. კერძოდ, დააკონკრეტა, ავარიული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის შეღავათის გაწევის წესი. დააზუსტა შინაარსი, თუ რა შემთხვევაში აქვს სახლს მრავალბინიანი სახლის სტატუსი. ასევე გადაწყვიტეს, რომ თუ ინვესტორი უპირობოდ დააკმაყოფილებს ავარიულ სახლში მცხოვრებლებს და აითვისებს შენობას, მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს მიზნობრივ პროგრამაში. ია

მეტის ნახვა