ბათუმის საკრებულოს ჩაშლილი სხდომა

ჩაშლილი სხდომა და ვერ შემდგარი ქვორუმი. ბათუმის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ თავმჯდომარე და მოადგილეები ვერ აირჩია. საქმე იმაშია, რომ გახარიას პარტიის წევრებმა პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს და სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობა არც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მიიღეს. ოპოზიციისგან დაცარიელებულ დარბაზში საკუთარ თავთან დარჩენილი ოცნება აღმოჩნდა.  ძალთა ვერ გადანაწილების პროცესი საკრებულოს დაკომპლექტების პროცესში. 

სხდომა ჩაიშალა, ქვორუმი ვერ შედგა. ოპოზიციამ ბოიკოტის ნიშნად, დარბაზი დატოვა და ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოს, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის უფლება არ მისცა.

ბოიკოტის მთავარი მიზეზი, დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ოპოზიციის ეჭვებია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ფუტკარაძის სიკვდილის მთავარი მიზეზი, „ქართული ოცნების“ ზეწოლა და ტერორი გახდა, რის გამოც, მათი თქმით, წარმომადგენლობით ორგანოს სხდომების ჩატარების უფლება არ აქვს.

17-17-ზე - ბათუმის საკრებულოში, ახლა, გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი არც ოპოზიციას და არც მმართველ პარტიას აქვს. შესაბამისად, რეგიონში ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანო ერთადერთია, რომელსაც თავმჯდომარე არ ჰყავს. ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას და ვინ გახდება მთავარი სკამის მფლობელი, მომდევნო ოთხი წლით, ეს, „ქართულ ოცნებას“ გამოყოფილი, ექსპრემიერის პარტიაზეა დამოკიდებული.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მივიდა, ირაკლი თავდგირიძეც. პარტია „საქართველოსთვის“ წევრობისთვის მოპოვებული ხმებით და უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით, აპირებს მხარი იმ პარტიას დაუჭიროს, რომელიც მოქალაქეების ინტერესებზე იქნება მორგებული.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომა ოპოზიციამ ჩაშალა, „ქართულ ოცნებაში“, მაინც ამბობენ, რომ უბრალოდ ქვორუმი ვერ შედგა. მმართველ პარტიაში ვერც იმაზე საუბრობენ, ჩაინიშნება თუ არა, რიგგარეშე არჩევნები.

ბათუმის საკრებულოს, დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი უნდა განეხილა. უნდა აერჩიათ, თავმჯდომარე, მოადგილეები და კომისიების  ხელმძღვანელები.

მეტის ნახვა