ბათუმის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები ხელფასებს იზრდიან

ბიუროს სხდომა

ბათუმის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები ხელფასებს იზრდიან. საკითხი საფინანსო კომისიის სხდომაზე განხილვის შემდეგ, ბიუროს გადაეგზავნა, სადაც წინადადებას მხარი დაუჭირეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 31 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.

ბათუმის მერისა და მთავრობის მიერ ინიცირებული საკითხი ანაზღაურების 10-20 პროცენტამდე მატებას გულისხმობს.

მოსალოდნელ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი. რეზო ხარაზის თქმით, ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე, მაღალჩინოსნები საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდნენ.

"გუშინ ქალაქი მთლიანად დაიტბორა, დღეს კი ბათუმის მერიამ და საკრებულომ ხელფასები გაიზარდეს. ასე მყისიერად რეაგირებს ქალაქის მერი ადგილობრივების პრობლემებსა და ქალაქის ბედზე. მაღალჩინოსნები ხელფასებს იზრდიან იმ ფონზე, როცა ბათუმის ქუჩები ჩაბნელებულია, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი, ავარიული სახლები ავარიულად რჩება და სოციალურად დაუცველების რაოდენობა დღითიდღე იზრდება", - ასე აფასებს ცვლილებებს ბათუმის საკრებულოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რეზო ხარაზი.

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ხელფასების ზრდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში იგეგმება.

რატომ იზრდება ხელფასები? ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ასეთი პასუხი აქვს:

"საქართველოს მასშტაბით არსებულ თვითმმართველ ქალაქებთან, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმართებით, თანამდებობრივი სარგო მუნიციპალიტეტში საკმაოდ დაბალია. გარდა ამისა, ცვლილებების მიზეზი ქვეყანაში/ქალაქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე კერძო სექტორთან კონკურენტუნარიანობა გახდა", - უთხრა TV25.GE-ის ედნარ ნატარიძემ. 

დიდი ალბათობით, საკრებულოს სხდომაზე ხელფასების მატების საკითხს მხარს დაუჭერენ, რადგან წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა "ქართული ოცნების" ხელშია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარ კომფორტზე უარი თქვას.

მეტის ნახვა