უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა. 27 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

არსებული ინფორმაციით, ბიგვავა დაღუპვამდე ჯერ თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა, ამის შემდეგ კი ტერიტორიის პატრულირებისას, აფეთქება მოხდა. ტატო ბიგვავა ოჯახს ბოლოს 7 მაისს ესაუბრა.

მებრძოლი აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, იგი ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა და დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

ბიგვავას ოჯახი სოხუმიდან დევნილია. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ცხოვრობდნენ დნეპროპეტროვსკში, თუმცა ოკუპანტებმა ომის დროს, მათი სახლიც გაანადგურეს.

ბიგვავას ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეა და უცნობია როდის მოხერხდება იქიდან მისი გამოსვენება.

დაღუპული ტატო ბიგვავა წარმოშობით ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზნიდან არის. ამ დროისთვის უცნობია, ჩამოასვენებენ თუ არა მას სამშობლოში.

მეტის ნახვა