TV25-ის ჟურნალისტზე მოძალადემ ქვეყანა დატოვა

„ოჯახური მდგომარეობა“ - ასე განმარტა მოძალადე ძიძის საზღვარგარეთ წასვლის მიზეზი თავისმა ქმარმა. ოსიკო ბაკურიძემ გვითხრა, რომ ცოლმა ქვეყანა 2 თვის წინ დატოვა. როგორ გადაკვეთა საზღვარი, მაშინ, როცა გამოძიება ქალს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავება? ბაკურიძემ კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ინციდენტი თვითმმართველობების არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბანთან მოხდა. ფაქტის შესახებ თეო ფუტკარაძემ, საგამოძიებო ორგანოს მეორე დღესვე მიმართა. მომხდარიდან ორ თვეზე მეტი გავიდა თუმცა, გამოძიება ამ დრომდე დუმს. სამართალდამცავი ორგანოებისგან ვერ ვიღებთ პასუხს, რა ეტაპზეა საქმის წარმოება. ხშირად ისინი, ჩვენს სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.

თეო ფუტკარაძის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას გამოძიების პროცესის გაჭიანურებაზე ამახვილებს. პაატა დიასამიძის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან გულგრილობა ხშირია, რამაც შესაძლოა დანაშაული წაახალისოს და დაუსჯელობის სინდრომი ნორმად იქცეს.

საქმეში კიდევ ერთი კოორდინატორი ფიგურირებს. ნინო ცენტერაძესთან ერთად, საარჩევნო უბანთან თენგიზ ფაღავაც იმყოფებოდა, რომელიც, მსგავსი აგრესიით გამოირჩეოდა ჩვენი ჟურნალისტის მიმართ. ქართული ოცნების კოორდინატორებმა, თეო ფუტკარაძეს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ფაღავასა და ცენტერაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე საქმისწარმოება ჭიანურდება, "TV25" საკითხს თვალს ადევნებს და სიახლეებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ჩვენ ბუნებრივია თორნიკე რიჟვაძის კომენტარიც გვახსოვს, რომელმაც საკითხის პირად კონტროლზე აყვანა დაგვპირდა. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში აჭარის მთავრობის თავჯდომარეს დანაპირებს აუცილებლად შევახსენებთ. 

მეტის ნახვა