ცეცხლსასროლი იარაღით 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს - შსს-მ ბრალდებული დააკავა

პოლიციის ლენტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხცისში 60 წლამდე კაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი.

უწყების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულმა კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს"- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა