რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ

რუსები ლარსზე

რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საგუშაგოსთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ინფორმაცია და ფოტოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. თვითმხილველების ამბობენ, რომ სამხედროები ბლოკ-პოსტის მოწყობას გეგმავენ.

ფოტოებში ჩანს, რომ სამხედროები საზღვართან ჯავშან-ტრანსპორტით მივიდნენ, ისინი შეიარაღებულები არიან.

რუსული FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს. უწყება ამბობს, რომ საგუშაგოს მოწყობის შესახებ გავრცელებული ცნობები ყალბია.

"ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს საგუშაგოს დასაყენებლად, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით, არ იქნება საგზაო ბლოკირება", - აღნიშნა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

რუსული მხარე ამბობს, რომ ახლა საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა. 

შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება.

მეტის ნახვა