რადიაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

რადიოაქტიური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი, ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების ერთი მილიონ 200 000 ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

18 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს“,- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა