პრეზიდენტმა ვერ გაბედა დაეცვა სიმართლე - უგულავა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

უგუალავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც, ოპოზიციონერი ამბობს, ეროვნული შერიგების იმედი მორიგი ფარსია.

როგორც უგულავამ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა, ეტყვის, რომ პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა.  

„ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება გაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების, მათ შორის კრიზისში მყოფის, ყველაზე რთული წელიწადის დრო გაზაფხულია იმიტომ, რომ გაზაფხულზე ყველა ინვოისს იხდის - ის, რაც წინასაახალწლოდ დააგროვეს, „მიქარეს“ და პრეზიდენტმაც სამწუხაროდ, ვერაფერი და არაფერი გააკეთა, ვერ გაბედა რამის გაკეთება. მისი წერილიდან ერთადერთი რამ ჩანს, ვიცი რომ არასწორად ვაკეთებ, მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ. დაველოდოთ როდის გაბედავს, ან საერთოდ გაბედავს თუ არა. ფაქტია, რომ მან დღეს ყველა იმ ადამიანს გაუცრუა იმედი, ვისაც ეშინია და არ უნდა სისტემის მსხვერპლი გახდეს. ეროვნული შერიგების პროცესზე მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღეს მან ვერ გაბედა დაეცვა სიმართლე და თავისი მოქალაქეები. ზურაბიშვილის განცხადებიდან ჩანს - ვიცი რომ არასწორად ვაკეთებ, ვიცი, რომ არასწორი რამ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ არ მყოფნის ძალა წავიდე იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მე ორბელიანების სასახლეში შემასახლა," - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პრეზიდენტმა ხელი გუშინ, 14 იანვარს, მოაწერა. 

ცნობისთვის, ფრაქცია - "ქართული ოცნების" - მიერ შედგენილი კანონპროექტის თანახმად, 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. 

რაც შეეხება კანონს "საერთო სასამართლოების შესახებ", იგი მოსამართლეთა მიმართ ახალი სახის დისციპლინური ზომები შემოსვლას ითვალისწინებს. 

მეტის ნახვა