პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა

თურნავა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის საბჭო ამჟამად 7 წევრისგან შედგება, თუმცა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს.

ნათია თურნავა 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. ნათია თურნავას მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სწავლების სხვადასხვა კურსი გავლილი აქვს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით, მოგვიანებით კი გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაასრულა და ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.

მეტის ნახვა