“ხელვაჩაურის წყლის” ყოფილი დირექტორი ციხეში, სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალა

ციხე

"ხელვაჩაურის წყლის" ყოფილი დირექტორი ციხეში, სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

68 წლის კაცს  ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ვლადიმერ მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

მიქელაძე შპს „ხელვაჩაურის წყალს" 2018 წლიდან, 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა სხვადასხვა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულთან ერთად. მოსამართლემ მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილში არ ცნო ვლადიმერ მიქელაძე დამნაშავედ.

ცნობისთვის, ვლადიმერ მიქელაძემ სასამართლო პროცესზე ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძეც ამხილა, თუმცა საქმე ამ დრომდე ძიების პროცესშია.

"ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება" - უთხრეს რამდენჯერმე TV25.GE-ის პროკურატურაში.

ინფორმაცია თავდაპირველად "აჭარის მაუწყებელმა" გაავრცელა.

მეტის ნახვა