შუახევში, დამონტაჟებული ნაძვის ხე დაშალეს

ახალ წლამდე 1 კვირით ადრე შუახევი საახალწლო ნაძვის ხის გარეშეა. მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ახალი წლის მთავარი ატრიბუტი დაშალა. უწყება საახალწლო ნაძვის ხეს, ამჯერად, ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით, 49 556 ლარად იყიდის.

მერიაში გვითხრეს, რომ თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართეს. საახალწლო ნაძვის ხის ანთება შუახევში, 26 დეკემბრისთვის იყო დაანონსებული, თუმცა, არსებული მოცემულობის გამო, საზეიმო ღონისძიება 28 დეკემბრამდე გადაიდო.

შუახევის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაძვის ხის წარმომავლობის დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. მერიის ინფორმაციით, კონსტრუქციას ზოგიერთ ადგილზე მოშორებული ჰქონდა საღებავი და აღენიშნებოდა კოროზია, ნაძვის ხის წვერზე დასამაგრებელი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო 1 მეტრი სიმაღლის, თუმცა მიაწოდეს უფრო პატარა.

გარდა ამისა, კომპანიას უწყებისთვის ღია სივრცეში გამოსაყენებელი ნათურები უნდა მიეწოდებინა, თუმცა, მიაწოდა დახურულ სივრცეში გამოსაყენებელი. კომპანიას, რომელმაც სატენდერო პირობები დაარღვია, 2 490 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.

მუნიციპალიტეტს ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერი 56 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

მეტის ნახვა