რისკის შემცველი გზის მონაკვეთი და საპროტესტო აქცია უცვლელი მოთხოვნებით

მორიგი საპროტესტო აქცია უცვლელი მოთხოვნებით. საუბარია სოფელ ზედა ზანაქიძეებში მცხოვრებლებზე, რომლებმაც რისკის შემცველი გზის მონაკვეთის მოწესრიგება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სატეხიას თემის მოსახლეობა ხელვაჩაურის მერის შეუსრულებელ დაპირებაზე აქცენტირდება და ამბობს, რომ ზაზა დიასამიძე ადგილობრივთა პრობლემებზე სათანადოდ არ რეაგირებს.

ეს სურათი სოფელ ზედა ზანაქიძეებში უკვე მეორე წელია უცვლელია. გზის ისედაც ვიწრო სავალი ნაწილი მდინარის ადიდების შედეგად ჩავარდა და საფრთხის შემცველი გახდა. პრობლემის მოგვარებისთვის რამდენჯერმე გამართული საპროტესტო აქცია მოსახლეობისთვის გამოსავალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და პრობლემაზე ისევ ღიად ალაპარაკდნენ.

გარდა სავალი ნაწილისა, სატეხიას თემში მცხოვრებლებს გარე განათების პრობლემის მოგვარება სურთ. ამბობენ, რომ ღამით გზაზე ფეხით გადაადგილება უჭირთ.  დასახლებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. შესაბამისად, უფუნქციოა სოფელში არსებული მოსაცდელები. ადგილობრივები მიკროავტობუსების დანიშვნას ითხოვენ.

ადგილობრივებთან ერთად დღეს ოპოზიციაც იმყოფებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელვაჩაურის მერს წინასაარჩევნო პერიოდს ახსენებენ, როცა ზაზა დიასამიძე მოქალაქეებთან აგიტაციას აწარმოებდა. ოპონენტების თქმით, მუნიციპალიტეტის მმართველმა ხმების მიღების შემდეგ, მოსახლეობის გასაჭირი არ უნდა დაივიწყოს.

როდის მოაწესრიგებენ სოფელ ზანაქიძეებში დაზიანებულ გზას? აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში წერილობით გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. რაც შეეხება გარეგანათებისა და ტრანსპორტის არ არსებობის პრობლემას, ხელვაჩაურის მერიაში ასევე წერილობით განმარტეს, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გარე განათების მოწყობა 2023 წლის პრიორიტეტული საკითხია და შესაბამისი სამუშაოები მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიგეგმება. ტრანსპორტის დანიშვნაზე კი, უწყებაში ირწმუნებიან, რომ ზანაქიძეების მიმართულებით მიკროავტობუსები საათობრივად მოძრაობენ, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ადგილობრივები.

მეტის ნახვა