ქედაში, მეწყერი ჩამოწვა და სახლი მოიყოლა - ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

მეწყერი

მეწყერი ქედაში - სოფელ კოკოტაურში, მიწის მასა ჩამოწვა და ზოიძეების საცხოვრებელი მთლიანად გაანადგურა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველები TV25.GE-ის უყვებიან, რომ ოჯახის წევრებმა სახლიდან გასვლა მოასწრეს და შედეგად, არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, საფრთხეშია სოფელში მცხოვრები კიდევ რამდენიმე ოჯახი. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ქედის მერიაში გვითხრეს, რომ ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ღია ცის ქვეშ დარჩენილების განსახლება უზრუნველყვეს. უწყების ცნობითვე, სხვა პირებს საჭიროებებიდან გამომდინარე დახმარებას გაუწევენ.

"ქედის მუნიციპალიტეტში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში განვითარდა მეწყრული პროცესები, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს. გუშინ, სოფელ კოკოტაურში ზურაბ ზოიძის სახლთან განვითარდა მეწყერი, ოჯახის წევრები გაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე. გაყვანილი ჰყავდათ პირუტყვი და მცირე საყოფაცხოვრებო ნივთები.

დღეს დილით განმეორებით განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად წაიღო სახლი. 10 ოჯახი, რომლის საცხოვრებელს საფრთხე ემუქრება, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. ასევე, 15 ოჯახს მიეცა რეკომენდაცია დროებით გავიდნენ უსაფრთხო ადგილზე, შეწყვეტილია საგანმანათლებლო პროცესი სკოლასა და ბაღში. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და საჭიროებებიდან გამომდინარე უსაფრთხო ადგილზე გაყვანა", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

მეტის ნახვა