მაღალმთიან აჭარაში ისევ ინტენსიურად თოვს - თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს

მესამე დღეა ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს. უხვი ნალექის შედეგად, ხულოს შიდა სასოფლო გზებზე პრობლემები შეიქმნა. ადგილობრივებს ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილება უჭირთ.

მერიის ინფორმაციით, გზები ინტენსიურად იწმინდება. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტ „გოდერძის“ მიმართულებითაც. უამინდობის გამო, მუნიციპალიტეტში მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა რეკომენდებული.

"დაბალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 30 სმ-ია, ხოლო მაღალ ზონაში 70-80 სმ-ს აღწევს. ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ასევე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტ ,,გოდერძის“ მიმართულებით. მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით", - ამბობენ მერიაში.

დიდთოვლობის შედეგად, ხულოში, პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. „ენერგო პრო ჯორჯის“ ცნობით, ამ ეტაპზე, შუქის გარეშე სოფელი ვაშლოვანია, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტის ნახვა