დანდალო საბავშვო ბაღის გარეშე - ადგილობრივები დაწესებულებას, დასაქმებულები კი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია დანდალოში. ადგილობრივები, სოფლის ცენტრში, საბავშვო ბაღის გაჭიანურებული მშენებლობის პროცესის დასრულებას ითხოვდნენ. მოთხოვნებს შორის იყო, მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის ანაზღაურების გადახდა და იმ კომპანიის დასჯა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ შპს „მშენებელი 2020“ „ქართული ოცნების მფარველობის ქვეშაა.

ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე ორი თვეა შეჩერებულია. ამის, ერთ-ერთი მიზეზი დასაქმებულების პროტესტი გახდა. როგორც მშენებლები ამბობენ, კომპანია, მათ, კუთვნილ ანაზღაურებას არ უხდის, რის გამოც მუშაობა შეაჩერეს. დანდალოში მცხოვრებლები, შპს „მშენებელი 2020“-ს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროექტი გასული წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

შენობაში, რომელიც ადგილობრივების პროტესტის მიზეზი გახდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან ერთად, სამედიცინო ამბულატორია და კულტურის სახლიც უნდა განთავსებულიყო.

ვადების გახანგრძლივების გამო, ბავშვებს, სკოლამდელი განათლების მისაღებად, ცხრა კილომეტრის მოშორებით, სოფელ ცხმორისში უწევთ სიარული. დანდალოში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებელი კომპანია ,,ქართული ოცნების'' მფარველობის ქვეშაა. მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დროულ რეაგირებას და სამშენებლო პროცესის სხვა კომპანიისთვის გადაბარებას ითხოვენ.

მოქალაქეებთან, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა არა მათთან სასაუბროდ. მმართველი გუნდის წევრები საპროტესტო აქციას შორიდან აკვირდებოდნენ. ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაგვამისამართეს.

ქედის მერიის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურმა კითხვებზე პასუხი, მხოლოდ, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგვცა. აქ გვითხრეს, რომ პროცესში მერია აუცილებლად ჩაერთვება და დასაქმებულების უფლებების დაცვაზე იზრუნებენ,. რაც შეეხება თავად კომპანიას,  შპს „მშენებელ 2020“-ის მენეჯმენტთან დაკავშირება მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. რამდენად ჩაერთვება ქედის მერია მოქალაქეებისა და შპს-ს დავაში, ამას, დრო გვიჩვენებს.

მეტის ნახვა