ბუკნარი - სოფლის ისტორია ადგილობრივებისგან

„გაიცანი შენი სოფელი უკეთესად“ - „მაცნე“ დასახლებების ისტორიის შესახებ რეპორტაჟების სერიას აგრძელებს. ამჯერად, ჩვენს ობიექტივში ბუკნარი მოხვდა. საიდან მომდინარეობს სოფლის სახელწოდება და რამდენ წლიან ისტორიას ითვლის? რა იციან მოქალაქეებმა ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე? ბუკნარზე, რომელიც ერთდროულად, მთასა და ზღვას აერთიანებს, თეო ფუკტარაძე გიამბობთ.

სოფელ ბუკნარის ისტორია  1880-იანი წლებიდან, წართმეული აჭარის, დანარჩენ საქართველოზე შეერთების შემდეგ იწყება. აქ  თავიდან რკინიგზა გაიყვანეს, ბაქანი სახელწოდებით - ბუკნარი. თავად სოფელი კი, 1920 წლიდნ გაშენდა. ჯერ დასახლდნენ დარჩიები, შემდეგ ბერძნები, მერე კი - ჩხარტიშვილები. სოფელში ბევრი რუსი და უკრაინელი ცხოვრობდა. ვაჟა ჩხარტიშვილიც, სწორედ, უკრაინულ-ქართული ოჯახიდანაა. ყვება, რომ სოფელს განსაკუთრებულს, თავად, აქ მცხოვრებლები ქმნიან. ისინი, სტუმართმოყვარეობითა და შრომის უნარიანობით გამოირჩევიან.

სოფლის მცხოვრებლების თანადგომის უნარზე გვიყვება ჟორა ჯიხვარია. იგი სოფელში, 50 წელზე მეტია  მუშაობს. პროფესიით დალაქს, ოთახი, აქ მცხოვრებლებმა, საკუთარი სახსრებით, ძველ შენობაში გაურემონტეს და ნორმალური სამუშაო პირობები შეუქმნეს. სოფლის მთავარი სტილისტი ყვება, რომ აქ ბევრი გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომში მოღვაწე ვეტერანები, რომლებითაც ბუკნარი მუდმივად ამაყობს.

სოფლის სახელწოდების ისტორია, აქ გაშენებულ ხეებს უკავშირდება. ბუკის ხეებით მდიდარ დასახლებას, ბუკნარი შეარქვეს. გადმოცემის თანახმად, ბუკის ხეებისგან, სასმელის შესანახი ბოცები მზადდებოდა,. აღსანისნავია, რომ დასახლება განთქმული იყო „სპირტის ქარხნით“, აქ 1930 -იანი წლებიდან,  ღვინის ქარხანაც ფუნქციონირებდა. ალკოჰოლური სასმელის წარმოების კულტურის გაგრძელებაც, აჭარაში, სწორედ, აქედან მომდინარეობს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფელი მეჩაიეობით იყო განთქმული. სწორედ, ამ ტერიტორიაზე, ცხოვრობდა ჩინელი აგრონომი, ლაო ჯინ ჯაო, რომლის  სახელს აჭარაში ჩინური ჩაის კულტურის დამკვიდრება უკავშირდება. გარდა ამისა, დასახლებაში განვითარებული იყო მეციტრუსეობა, არსებობდა მანდარინის მიმღები პუნქტიც. ადგილობრივების თქმით, ბუკნარი, ოდითგანვე, ტურისტულად მიმზიდველი იყო.  ტერიტორიაზე, ე.წ ტურბაზა ფუნქციონირებდა, რომელიც ასობით ვიზიტორს მასპინძლობდა. ვლადისა მეფარიშვილი, ტურბაზის ობიექტში, მთავარ მზარეულად მუშაობდა.

დასახლებაში, პირველი ადმინისტრაციული შენობა, 1936 წელს აშენდა, საგანმანათლებლო დაწესებულება კი, 1959 წელით თარიღდება. ადგილობრივების გადმოცემით, გასული საუკუნე, ბუკნარისთვის უფრო იღბლიანი იყო, ვიდრე დღევანდელი მოცემულობაა. ამას კი, იმით ხსნიან, რომ ადგილობრივები სოფელშივე იყვნენ დასაქმებულები. ამბობენ, რომ აღარაა ტურისტების, იმ დროინდელი ნაკადიც. სოფლის უხუცესი ამბობს, რომ ადგილობრივებს ეკონომიკური სიდუხჭირის დასაძლევად, მუშაობა სოფლიდან შორს, ქალაქში ან საზღვარგარეთ უწევთ.

აღსანიშნავია, რომ ბუკნარი, იმ ერთეულ სოფლებს განეკუთვნება, რომლებიც პლაჟის მიმდებარედაა გაშენებული. ერთობლივად,ზღვისა და მთის ჰაერით გაჯერებული ტერიტორია, დაახლოებით, 100 წლოვანი ისტორიით თარიღდება.

მეტის ნახვა