არასწორი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, საფრთხის წინაშე აღმოჩენილი ოჯახი შუახევიდან

არასწორი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად საფრთხის წინაშე აღმოჩენილი ოჯახი შუახევიდან. უამინდობისას, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები ზოიძეების საცხოვრებელი სტიქიის ზონაში ექცევა. ოჯახი მუნიციპალიტეტის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებს.

შოთა ზოიძე „TV25“-ს უყვება, რომ არასწორად დაპროექტებული სანიაღვრე არხების გამო, წვიმის წყლის უხვი ნაკადი ეზოში მიედინება და საკარმიდამო ნაკვეთები ეტბორება.

მოქალაქე განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრობს და შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დახმარებას ითხოვს. ზოიძე არსებულ ვითარებას 2017 წლით დათარიღებული გეოლოგიური დასკვნით გვიდასტურებს, სადაც წერია, რომ ორსართულიან სახლს დეფორმაცია აღენიშნება და სარემონტო-გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. დოკუმენტის მიხედვითვე, აუცილებელია ზედაპირული წყლების რეგულირება და უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა.

ახალდაბაში მცხოვრები იშველიებს განმეორებითი გეოლოგიური შესწავლის დასკვნასაც, სადაც ნათქვამია, რომ გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების შედეგად, სახლს ბზარები გაუჩნდა.

შოთა ზოიძის თქმით, პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის თანხები გამოიყო, თუმცა შედეგი საცხოვრებელზე არ ასახულა. იგი ფულის ფლანგვაში შუახევის მერის მოქმედ მოადგილეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ გურამ ზოიძემ თანხა არამიზნობრივად დახარჯა.

შუახევის მერიაში ასე გვიპასუხეს:

"2017 წელს, შოთა ზოიძემ განცხადებით მიმართა შუახევის მერიას, რომ სოფელ ახალდაბაში საგვარეულო სასაფლაოებთან ვითარდებოდა მეწყრული პროცესები, რის შემდეგაც ტერიტორია გეოლოგიურად შეისწავლეს. დასკვნაში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით, აუცილებელია, მეწყერსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მერიის შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები და მოაწყო ფერდსამაგრი კონსტრუქცია.

მოქალაქე, შოთა ზოიძეს, სხვა მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, შუახევის მერიის ხელმძღვანელი პირებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის არ მოუმართავს. თუ კი იკვეთება ახალი გარემოება, რომ მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან მეწყრული კერები განვითარდა, დღესვე მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას, საჭიროების შემთხვევაში კი ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან", - წერია საპასუხო კომენტარში.

მეტის ნახვა