10-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - რა მდგომარეობაა ხულოში?

თოვლი ხულო

ორი დღეა ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. უხვი ნალექის შედეგად, ხულოს შიდა სასოფლო გზებზე პრობლემები შეიქმნა. ადგილობრივებს ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილება უჭირთ.

მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. შუქის გარეშე 10-მდე სოფელია დარჩენილი.

მერიის ინფორმაციით, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

"აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა დილიდან ახორციელებს ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდით სამუშაოებს. ასევე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტი ,,გოდერძის“ მიმართულებით. ამ დროისთვის, დაბალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 20 სმ-ია, ხოლო მაღალ ზონაში 50 სმ-ს აღწევს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებსა და კურორტი ,,გოდერძის“ მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით", - ამბობენ ხულოს მერიაში.

უწყების ცნობითვე, მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენის კუთხითაც და დღის ბოლომდე, ყველა სოფელს შუქი ისევ მიეწოდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, მაღალ მთაში თოვლი ისევ მოსალოდნელია, ტემპერატურა -5-0 გრადუსამდე დაიკლებს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ ქარბუქსაც.

მეტის ნახვა