წლები განაჩენის მოლოდინში - რატომ აჭიანურებს სასამართლო საქმეების განხილვას?

წლების განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო პროცესები და მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები აქტუალობას ისევ არ კარგავს. საქმის განხილვა და განაჩენის გამოტანა დროში, ბრალდების სიმძიმის მიუხედავად მაინც იწელება. წლების წინ, პრობლემას ერთი მიზეზით - სასამართლოებში, მოსამართლეთა სიმცირით ხსნიდნენ. ადვოკატები სხვა გარემოებებზე საუბრობენ. რამ მიიყვანა მართლმსაჯულება ამ რეალობამდე და რას აკეთებენ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?  სიუჟეტიდან გაიგებთ.

გავლენიანი სასამართლო კლანის გაძლიერების იდეა და დღემდე გამოუსწორებელი შედეგი მართლმსაჯულების სისტემაში. უკვე წლებია, რაც სასამართლოებში რეალობა არ იცვლება. მოსამართლეებს ასობით საქმე აწერია, განხილვები კი უვადოდ ჭიანურდება. როდის და როგორ  დაიწყო პრობლემები - ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე, ირაკლი შავაძე 2015 წელს იხსენებს, როცა მისივე თქმით, სასამართლოების გავლენიან ჯგუფებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების დალაგება დაიწყო და წარმატებითაც განხორციელდა.

ამგვარი პოლიტიკის შედეგად, დღეს, მაგალითად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ერთ მოსამართლეს 1 500-მდე საქმე აწერია. ცხადია, ლოგიკურ ვადაში, მათი განხილვა კი არა, უბრალოდ გაცნობაც კი შეუძლებელია. გარდა ამისა, ბათუმში, მაგალითად თბილისთან შედარებით, კიდევ ერთი სავალალო რეალობაა. ამა თუ იმ კოლეგიაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეები ვიწრო სპეციალიზაციით არ მუშობენ. პირობითად, თუ ერთი მოსამართლე მხოლოდ ოჯახურ დავებს განიხილავდა და მეორე მემკვიდრეობითს, ეს საქმეების დახურვას დააჩქარებდა. დღეს, საქმეების განსახილველად, ვადები დაცული მხოლოდ იმ სისხლის სამართლის სამქეებზეა, რომლებიც პირის პატიმრობას ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაში, ადვოკატებს, უამრავი საქმე აქვთ, რომლებზეც განხილვები ორი, სამი ან ოთხი წელია არც კი დაწყებულა. ეს კი ნიშნავს, რომ სამართალი წლობით ვერ ზეიმობს. ასევე, წლობით ატარებს პირი ბრალდებულის სტატუსს. 

არაერთ საქმეზე, წლობით ელოდება განხილვებს ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილიც. ამბობს, რომ ამგვარი რეალობა, სხვა პრობლემებთან ერთად, საზოგადოებაში კიდევ უფრო ანელებს სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორს. ისევ ადვოკატების პრაქტიკიდან თუ ამოვალთ, გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას, ბევრად სერიოზული ნაკლი აქვს.  მაგალითად: სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითი შედეგი აღარ აქვს და იურიდიული ინტერესიც დაკარგულია. როცა მართლმსაჯულება სწრაფი და ხარისხიანი არ არის, მოდავე მხარეებს უბიძგებს ალტერნატიული გზა აირჩიონ და საქმე ახალ დანაშაულამდე მიდის, აცხადებს ადვოკატი მირზა მამულაძეც.

რამდენჯერაც პრობლემის გაშუქება გადავწყვიტეთ, „ქართული ოცნებისგან“, რეგიონში უცვლელი პოლიტიკური პოზიცია მოვისმინეთ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აჭარის უმაღლესი საბჭოდან, აცხადებს, რომ პრობლემას აღიარებენ, აღიარების შედეგი კი არსად ჩანს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2021 წელს, 8083 ახალი საქმე შევიდა, ხოლო ჯამში გადაწყვეტილება 5 759  საქმეზე მიიღეს. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11 მოსამართლე ჰყავს.

მეტის ნახვა