ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელმა 1 288 000 ლარზე მეტი მიითვისა - პროკურატურა

პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა სხვისი ხელფასებიდან 1 288 000 ლარზე მეტი მიითვისა. უწყების ცნობით, ბრალდებული სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად, საკუთარ საბანკო ანგარიშს.

პროკურატურის განცხადებით ის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს.

"ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ 1 288 000 ლარს", — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს. მათივე თქმით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

მეტის ნახვა